ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის 1050 ლარით განსაზღვრაზე დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დაარეგისტრირა

გიორგი შარაშიძე

ფრაქცია „საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის 1050 ლარით განსაზღვრის თაობაზე დროებითი კომისიის შექმნას ითხოვს. ამ მიზნით ფრაქციამ ინიციატივა პარლამენტში დღეს დაარეგისტრირა.

ოპოზიციონერი დეპუტატუს, გიორგი შარაშიძის განცხადებით, სამწუხაროდ, პარლამენტმა კენჭისყრაზე ინიციატივა ჩააგდო საქართველოში მინიმალური ხელფასის 1050 ლარის დაწესების შესახებ იმ მიტივაციით, რომ საკითხი სათანადოდ შესწავლილი არ არის.

„სწორედ ამიტომ, ახალი ინიციატივა დავარეგისტრირეთ. ეს იქნება სამი თვის განმავლობაში მოქმედი კომისია, რომელსაც საშუალება ექნება, ამ საკითხის შესწავლა გამჭვირვალედ აწარმოოს და შესაბამისი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მოიწვიოს, მათ შორის დამოუკიდებელი ექსპერტები და ნებისმიერი პირი, ვისაც შეუძლია, ამ საკითხს დამატებითი ღირებულება შესძინოს. „ოცნებას“ არანაირი საფუძველი არ ექნება, რომ ამ კომისიის შექმნაზე უარი თქვას, რადგან მათ უკვე ის არგუმენტიც გაუქარწყლდებათ, რა არგუმენტითაც, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გასწირეს სიღარიბისთვის და სოციალური უთანასწორობისთვის მაშინ, როდესაც ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდეს”, – განაცხადა შარაშიძემ.