1737285948
ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში თელავში მულტისექტორული ადგილობრივი საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, თელავში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, მულტისექტორული ადგილობრივი საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, რომელსაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გახსნეს.
პროკურორებმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ, პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ღონისძიებაზე, სახელმწიფო სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ის სერვისები განიხილეს, რასაც ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს, მათი საჭიროებების გათვალისწინებით სთავაზობენ.
ასევე, დანაშაულის პრევენციისთვის და საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაიგეგმა შეხვედრები, რომელშიც რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
პროკურატურა კამპანიის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.