"ფაქტობრივად, განადგურებულები არიან. ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ვიღაცამ არა, ეს სპექტაკლის ნაწილია, ვინაიდან გადაწყვეტილებები მათი მიღებული არ არის" - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე

ლევან მაჭავარიანი

"ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ვიღაცამ არ გადაწყვიტა, მაგრამ ეს არის ერთი ძალიან დიდი სპექტაკლის ნაწილი, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებები მათი მიღებული არ არის," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე შეფასებით, ეს "დიდი სპექტაკლის ნაწილია", ვინაიდან ისინი მხოლოდ გარე აქტორების მითითებებს ასრულებენ.

"ადევნებთ თვალყურს, თუ როგორი დასუსტებულია ოპოზიცია, ფაქტობრივად, განადგურებულები არიან. იქაც აზრები იყოფა - ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ვიღაცამ არ გადაწყვიტა, მაგრამ ეს არის ერთი ძალიან დიდი სპექტაკლის ნაწილი, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებები მათი მიღებული არ არის. როგორი ინსტრუქციაც მოდის იმ ვერტიკალიდან, რომლიდანაც ოთხივე რადიკალური პარტია იმართება, ზუსტად ამ ინსტრუქციას უნდა მიჰყვნენ ისინი.

ხედავთ, როგორი რებრენდინგის პროცესი მიდის "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" ამ გარე აქტორების მხრიდან - ისინი ცდილობენ, რომ "ლელო" და გახარიას პარტია გამიჯნონ "ნაციონალური მოძრაობისგან." ისინი კარგად ხვდებიან, რომ წინა არჩევნებზე, როცა ხალხს შეასაღეს პარტია "ახალი", ხალხმა ის არ მიიღო და, რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ ერთი და იგივე ძალაზეა საუბარი.

"ნაციონალურ მოძრაობაზე" ვერ აკეთებენ ფსონს იქიდან გამომდინარე, რომ ვერ წაუშალეს ის წარსული, რაც მათ მოჰყვებათ და ვერ წაუშლიან ვერასდროს, აქედან გამომდინარე, ამ ორ პარტიაზე გააკეთეს ფსონი და ცდილობენ, რაღაცნაირად, გამიჯნონ და მიმდინარეობს ამ გამიჯვნის სპექტაკლი," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.