ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია არასამთავრობო სექტორთან პირველ შეხვედრას მართავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეი

ამ წუთებში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია არასამთავრობო სექტორთან პირველ შეხვედრას მართავს. თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა თბილისში იმყოფებიან.

"საკმაოდ ხანგრძლივი იქნება ეს შეხვედრა და სხვადასხვა საკითხებს შეეხება. ერთი, უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის, არჩევნებს და არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური კრიზისი, ჩვენი მხრიდან დანახული ეს კრიზისი და მოგვარების გზები. მეორე - საკითხები ეხება "ქართული ოცნების" მხრიდან კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, იქნება ეს საარჩევნო კონტექსტში განხორციელებული თუ სხვა ცვლილებები, რომლებიც, მათ შორის, მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების [წინააღმდეგ]," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანია შეფასდეს, როგორ ასრულებს ვალდებულებებს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი.

ევროსაბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.