ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს ავრცელებს

ევროპის საბჭო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს ავრცელებს. რეზოლუციის პროექტი 12 პუნქტისგან შედგება და მასში ვკითხულობთ, რომ ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას.

დოკუმენტის ავტორები საუბრობენ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე, ოპოზიციის ლიდერების დაკავებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლაზე. რეზოლუციის პროექტი წინასწარ უკვე გავრცელდა და მასში რამდენიმე შესწორებაც შედის.

"ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებელი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა. ეს აშკარაა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებიდან, მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე შეშფოთებულია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით. ასევე, გმობს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, რომელიც "ევროპულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს." ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. ამ მხრივ, იგი გმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის არაპროპორციულ და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას ყალბი ბრალდებებით," - ნათქვამია PACE-ს რეზოლუციაში.