ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა

2025 წლის 30 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1527-ე სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური მდივნის 31-ე ანგარიში აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ანგარიში მიიღება წელიწადში ორჯერ და ფარავს პერიოდს – 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით.

31-ე კონსოლიდირებული ანგარიში წარადგინა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.

„იგი მიესალმა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას საქართველოს მხრიდან და მტკიცედ დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო, მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას.

გენერალურმა მდივანმა დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები. გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული მექანიზმების, მათ შორის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების, შესვლის შეზღუდვის გამო“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გენერალურმა მდივანმა გამოხატა მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მიმართ და ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისა და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისათვის. მან სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ისაუბრა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკას. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს. დასასრულს, მან დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.