ევროპის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ ხელისუფლება აიძულონ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება პოლიტიკური შეფასებებს თემაა. "ომში ჩართვის საფრთხე კი არ გაქრა, უფრო მძაფრი გახდა" - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად გაძლიერდა ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს და ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის.

პრემიერის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ახლა ევრობიუროკრატების ხელში ის ბოლო კოზირია, რომელმაც საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ ვნებათაღელვა უნდა გამოიწვიოს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს ომში ჩათრევა გლობალური ძალების რეალური მიზანი და სასურველი სცენარია, რასაც ხელისუფლება არასდროს დაუშვებს.

"ჩვენ ვხედავთ რამხელა ადამიანური ტრაგედია ხდება ყოველდღიურად უკრაინაში, როგორ იხოცებიან უკრაინის მოქალაქეები. ამ ფონზე საქართველოს მიმართ გაიზარდა და არასდროს შემცირებულა მავნე ინტერესი, რომელიც მუდმივად არსებობდა, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი.

ჩვენ ვხედავთ დღეს მოცემულობას, რომ ევროპის ის რადიკალი პოლიტიკური ძალები და ის რადიკალი ბიუროკრატები, რომლებიც ყოველდღიურად აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.