ევროპის დღის აღსანიშნავად, ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ევროკავშირის ინსტიტუტების პრეზიდენტებისადმი მისალოცი წერილი ევროკავშირის ელჩს გადასცეს

ევროპის დღე

ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის გადასცეს მისალოცი წერილი ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების პრეზიდენტების სახელზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი.

ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მათ ამ ნაბიჯით გამოხატეს მადლიერება და პატივისცემა ევროკავშირის მიმართ, საქართველოსადმი ერთგული პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.

„ქართველი ახალგაზრდების სახელით გილოცავთ ევროპის დღეს-ერთიანობის, მშვიდობის, სოლიდარობისა და საერთო ღირებულებების დღესასწაულს, რომელიც დღემდე შთაგონების წყაროა მრავალი თაობისათვის ჩვენს კონტინენტზე.

გვსურს, გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა და გულიდათი მადლიერება ევროკავშირის მიმართ, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის ურყევმა პარტნიორობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაერთიანებს ისეთი საერთო ღირებულებები და პრინციპები, როგორებიცაა დემოკრატია, სოლიდარობა, თავისუფლება და კანონის უზენაესობა. ეს ღირებულებები წარმოადგენს როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს ეროვნული იდენტობის საფუძველს. ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ პოლიტიკური მისწრაფება არაა, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, ღრმად ფესვგადგმული ჩვენს ისტორიაში, კულტურასა და მომავლის ხედვაში.

დღეს, როდესაც ერთად ვზეიმობთ ევროპის დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპული სოლიდარობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება საქართველოსადმი, ქართველი ახალგაზრდებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები გააგრძელებენ ჩვენს გვერდით დგომასა და ჩვენი თაობის მისწრაფების მხარდაჭერას. მათ შორის, ევროპულ სივრცეში თავისუფლად გადაადგილების უფლებას, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ პროცესებში, რომლებიც ჩვენს საერთო მომავალს განსაზღვრავს. მიუხედავად მრავალი რთული გამოწვევისა, ჩვენ, ქართველ ახალგაზრდებს, მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია. ჩვენი მისწრაფებები ღრმად ეფუძნება ისეთ ევროპულ ღირებულებებს, როგორებიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა. ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დამატებით პასუხისმგებლობებს აკისრებს. ვსარგებლობთ შემთხვევით და ევროპელი პარტნიორების მიმართ გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატული ნდობისათვის. ჩვენი თაობა ძალისხმევას არ დაიშურებს ამ ნდობის გასამართლებლად.

ჩვენ მტკიცედ ვრჩებით ერთგულნი საქართველოს ევროპული გზისა და ვადასტურებთ ერთგულებას ორი წლის წინ ხელმოწერილი „ახალგაზრდობის თანხმობის აქტისადმი“, რომელიც ასახავს ქართველი ახალგაზრდების საერთო ნებას, შევიტანოთ წვლილი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და დავინახოთ ჩვენი როლი, როგორც კონტრიბუტორის ძლიერი, თავისუფალი ევროპის მშენებლობაში. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი მილოცვა ამ სიმბოლურ დღეს. დაე, იდეალები, რომლებიც გვაერთიანებს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს მომავალში“, – აღნიშნულია წერილში.

მისალოცი წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის; საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი; ევროპული ახალგაზრდული ცენტრი; YATA საქართველო; ახალგაზრდები დემოკრატიისათვის; საქართველოს თანასწორობის ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდული სივრცე; საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია; ქართულ-ევროპული მოძრაობა; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა; პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“; ახალგაზრდული ორგანიზაცია „ვექტორი“; საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიცია; JEF Georgia; თსუ-ს მდგრადი განვითარების სტუდენტური ჰაბი (SDG Student Hub TSU); მწვანე იმპულსი; სამეცნიერო მისია; პოლიტიკური განათლების სკოლა; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა; საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია; ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი-LAG Upper Svaneti.