ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიში მოისმინეს

ევროპარლამენტ

ევროპარლამენტში განიხილეს ანგარიში, რომლითაც ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებას სთხოვენ.

„საქართველო ამჟამად მხოლოდ სახელწოდებით არის კანდიდატი ქვეყანა. „ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად უკუაქცია საქართველოს ევროპული გზა. მინდა მადლობა გადავუხადო კომისარ მარტა კოსს კარგი თანამშრომლობისთვის და საქართველოსა და გაფართოების საკითხებზე მისი პრინციპული პოზიციისთვის“, - აღნიშნა ანგარიშის ავტორმა რასა იუკნევიჩიანემ.

„როდესაც „დემოკრატიული უკუსვლის“ განმარტებას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში უნდა ჩავიდეთ. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა ძირი გამოუთხაროს თავისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი.

„რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ, სამწუხაროდ, დემოკრატიული წესების სისტემური დარღვევაა, თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, - აღნიშნა ვილი სოვნდალმა.

„მსურს საქართველოში ოპოზიციური ძალებისთვის მოწოდება დავამატო. მათ დიდსულოვნება უნდა გამოიჩინონ და საერთო შეთავაზება გააკეთონ. ეს ერთ-ერთი ამოცანაა, სადაც დახმარების ვალდებულება გვაქვს“, - თქვა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა.

ანგარიშს ევროპარლამენტში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ევროდეპუტატების ნაწილი ღიად ამბობს, რომ ეს არის ჩარევა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტში.

„ევროკავშირი დემოკრატიაზე ქადაგებს და სხვებს ასწავლის მას. თქვენ ამბობ - დემოკრატიული უკუსვლა. იქნებ ეს უბრალოდ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაბრუნებაა? ამბობთ, რომ ეს რეგრესია. იქნებ ეს აღდგენაა? შესაძლოა, სულ უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება საღ აზრთან? ისინი აკვირდებიან, უსმენენ და აცნობიერებენ, რამდენად პრობლემურია ევროკავშირის პროექტი. ხედავენ ენერგორესურსებზე ფასების ზრდას და ისმენენ ომისკენ მოწოდებებს და უბრალოდ ირჩევენ მშვიდობასა და სუვერენიტეტს. და როდის გახდა BBC ქიმიური იარაღის საკითხებში ექსპერტი? შესაძლოა მას შემდეგ, რაც ისინი აფრთხილებდნენ მსოფლიოს, რომ სადამ ჰუსეინს აქვს ქიმიური იარაღი. ამიტომ, გთხოვთ, ნუ მომიყვანთ მაგალითად BBC news-ს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა გჟეგოჟ ბრაუნმა.