„ევრონესტში“ თავისთვის ლაპარაკობენ საქართველოსთან დაკავშირებით, უმჯობესია, საკუთარ ქვეყნებს მიხედონ - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

„ევრონესტის“ მხრიდან უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს ვხედავთ. დგანან და თავისთვის ლაპარაკობენ საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებდა არც საქართველო, არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი, თუმცა ამ ქვეყნებზე საუბრობენ, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატია არის და ვითარდება.

„როგორ შეიძლება, ეს შეკრება შედეგიანი ან რაიმე პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი იყოს. უმჯობესია, საკუთარ ქვეყნებს მიხედონ. საქართველოში დემოკრატია არის და ვითარდება. კანონის დარღვევაზე სამართალდამცველებს რეაგირება აქვთ, საქართველომ შეინარჩუნა სასამართლოს დამოუკიდებლობა. გარე ძალებისთვის ეს დემოკრატიული უკუსვლაა. მათ პოზიციებს ვერ მივიღებთ. ქართველ ხალხს დამოუკიდებლობა, მშვიდობა და განვითარება სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეამ 31 ოქტომბერს რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვა. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართა, სადაც განმარტებული იყო, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია“. მისივე თქმით, „სინამდვილეში, „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „დროას“ პარტიის წევრები“.