ევროკომისიის ლგბტქ+ ახალი სტრატეგია მმართველ გუნდში მავნებლობად შეფასდა - პრემიერის თქმით, ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს

ირაკლი კობახიძე

მავნებლობად აფასებენ მმართველ გუნდში ევროკომისიის მიერ შემუშავებულ "ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგიას". 2026–2030 წლის დოკუმენტში ევროკომისია სხვადასხვა ზომას ადგენს, მათ შორისაა, არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის გამარტივებული პროცედურები. "ქართული ოცნებისთვის" ევროკომისიის ახალი სტრატეგია პრინციპულად მიუღებელია. სახელისუფლებო პარტიის წევრები იხსენებენ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ კანონს, რომელიც მათი განმარტებით, ლგბტქ პროპაგანდის მიმართულებით არსებული საფრთხეების პრევენციისთვის მიიღეს.

"დიფ სთეითის" მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმა უწოდეს ევროკომისიის ლგბტქ სტრატეგიას "ერთიან ნეიტრალურ საქართველოში". მოძრაობამ დღეს ამ საკითხზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. ტექსტში ნათქვამია, რომ ევროსტრუქტურის მიერ მომზადებულ დოკუმენტში არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს, გოგოა თუ ბიჭი. ამასთანავე, სტრატეგია ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივ და სამედიცინო პროცედურებს ამარტივებს. ახალი ცვლილებების გათვალისწინებით, "ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს ევროინტეგრაციის გეგმას გადახედოს და ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს.

ევროკავშირთან ურთიერთობის გადახედვის მომხრეა "მემარცხენე ალიანსიც". პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია 2026–2030 წლებისათვის ურსულა ფონ დერ ლაიენის ლგბტქ+ ახალი სტრატეგია. "მემარცხენე ალიანსი" დიფ სთეითის გავლენებზე საუბრობს.

ევროკავშირში არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს მიზანმიმართული, ევროპისთვის გარედან თავსმოხვეული პროცესია. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად ხელისუფლება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

საქართველოსა და ევროსტრუქტურებს შორის გარკვეულ საკითხებზე არსებული განსხვავებული შეხედულებების ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებით აცხადებენ, რომ საგარეო პრიორიტეტები უცვლელია და საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.