სურსათის ეროვნული სააგენტო, „სოფლის ნობათთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
1744035536
ევროკომისიის გარშემო ახალ სკანდალზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკომისიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად, ლობიზმისთვის.
"ეს ლობიზმი საქართველოში ხილულია. ჩვენ ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ ევროკავშირის ფული იხარჯებოდა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ევროკავშირის ელჩი პირადად იყო ჩართული "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა საარჩევნო ღონისძიებები, მათ შორის 20 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საბოლოო საჯარო აქცია ჩატარდა არა პარტიების მიერ, არამედ ევროკავშირისგან დაფინანსებული "ენჯეოების" მიერ. ზუსტად ეს გახლავთ ლობიზმი, კორუფცია და უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევა, რასაც საპარლამენტო არჩევნების წინ ვხედავდით. ეს აღიარა თავად კომისიამ, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად, ლობიზმისთვის, მათ შორის სპეციფიკურად იხარჯებოდა ოპონენტების გასაჩუმებლად, მათი დისკრედიტირებისთვის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, კომისიამ აღიარა, რომ მისი ფონდები მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად გამოიყენა, რათა ევროპელი კონსერვატორების ხმები ჩაეხშო. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა "ეი ექსპრესი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია სახსრებზე "ლაიფ" პროგრამიდან, რომელიც გარემოსდაცვითი ინიციატივების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. როგორც გამოძიებამ აჩვენა, ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ნაწილი ევროპაში კონსერვატიული და ევრო-სკეპტიკური პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. ევროკომისიამ ამ საკითხზე მოკლე განცხადება გაავრცელა: "კომისია მიიჩნევს, რომ აქტივისტური ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები შეიცავდა შეუსაბამო ლობისტურ საქმიანობას", - ნათქვამია ტექსტში.