ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯს არ გადავდგამთ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი გამოეხმაურა პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, დაახლოების ნაცვლად, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან აშორებს.

ლევან მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მთავრობა ევროპასთან დასაახლოებლად ყველაფერს აკეთებს.

„საქართველოს და ევროპის მეგობრობა გარდაუვალია. როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, ისე ვჭირდებით ჩვენც ევროპას ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან და კიდევ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ბიუროკრატები მიდიან და მოდიან, ტენდენცია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაწყებული, აუცილებლად აისახება ევროპაზეც, ვინაიდან მოსახლეობა გამოღვიძების პროცესშია. ჰერჩინსკის განცხადება სიცრუეა, ვინაიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ევროპასთან დასაახლოებლად, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით დაწყებული, ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯებით გაგრძელებული. საქართველოს მისამართით ზუსტად იმ დღესვე დაიწყო რაღაც ტიპის უსამართლობა კონკრეტულად ევრობიუროკრატების მხრიდან, რა დღესაც უკრაინაში დაიწყო ტრაგედია. ეს ბევრ რაღაცაზე მიანიშნებს. ჩვენ რა არ გავაკეთეთ? აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინის დასახმარებლად. ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ, არის ის, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით. ევროკავშირთან მეგობრობა იმგვარად თუ უნდა დავამტკიცოთ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, უკაცრავად, მაგრამ ჩვენ მეგობრობას, ჩვენი ქვეყნის ნგრევას ვერ ვამჯობინებთ, ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.