1759659123
ევროკავშირში არ სურთ დაინახონ რეალური მოვლენები საქართველოში, წერენ წერილებს, რომლის შინაარსი დაცლილია სიმართლისგან - დავით მათიკაშვილი

კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საერთაშორისო გამოხმაურებები.
მმართველ პარტიაში ღიად გამოხატულ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ და ყველას მომხდარის ობიექტურად შეფასებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, შაბათს საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპელი ლიდერებისგან არაერთი განცხადების მიზეზი გახდა, მათ შორის იყო მოლდოვის პრეზიდენტი, ასევე ევროკავშირის პირველი პირები და სხვა ლიდერები.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირში არ სურთ დაინახონ საქართველოში მიმდინარე რეალური პროცესები.
"უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება იმ მდგენელზე, როდესაც ევროკავშირიდან არ სურთ დაინახონ რეალური მოვლენები საქართველოში. წერენ წერილებს, რომლის შინაარსი დაცლილია სიმართლისგან. პრაქტიკულად თვალს ხუჭავენ ისეთ მოვლენებზე, რაც შეუძლებელია, რომ ობიექტური შეფასების პირობებში გამოგრჩეს ადამიანს - როგორ ესხმიან მოძალადეები თბილისში თავს პოლიციელებს, თუ როგორ ცდილობენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას და იქიდან ძალადობრივად წარმართვას.
ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა გულისხმობს იმას, რომ თანაუგრძნობ და ახალისებ მოძალადეებს, რაც, რა თქმა უნდა, უმძიმესი მდგენელია დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციისა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.