ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს „უსაფუძვლოდ დაკავებული პირები“, თუმცა განცხადებაში არაფერი წერია, ვინ იმყოფება „უსაფუძვლო“ პატიმრობაში

ევროკავშირი საქართველო

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნებს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საბჭოს დასკვნების ტექსტის შეთავაზებულმა პროექტმა განხილვისას მიიღო 26 დელეგაციის მხარდაჭერა. ვინაიდან ერთმა დელეგაციამ ტექსტს მხარი არ დაუჭირა, კონსენსუსის არარსებობის გამო, ტექსტი თავმჯდომარეობის სახელით გამოქვეყნდა.

„საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ;

საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ – როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად;

საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გზით“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.