1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია „ფეიკზე“ და მის ნაწილობრივ შიმშილობაზე, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით განხორციელებულ დემარშზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, დემარში პროტესტის გამოხატვის ფორმაა, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობით შეშფოთებული არიან.
მისივე განცხადებით, სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანასა და მსგავს საკითხებზე დემარშის დროს საუბარი არ ყოფილა.
“შეხვედრას ორი მხარე ჰყავდა – ელჩები, რომლებმაც დემარში განახორციელეს, სააკაშვილის მდგომარეობთ დაინტერესდნენ, შეშფოთება გამოთქვეს და ამ დემარშის მიმღები - იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი. ერთიც და მეორეც ერთსა და იმავე რამეს საუბრობს, მედიასაშუალებები - სხვა რამეს. მინისტრი ადასტურებს იმას, რაც ელჩმა თქვა, ოღონდ ტელევიზიები აბსოლუტურად სხვა რამეს ლაპარაკობენ.
იუსტიციის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი ერთსა და იმავე რაღაცას საუბრობენ, რომ დემარში განხორციელდა და დემარშის შინაარსი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთება გახლდათ. პასუხად მათ დეტალური განმარტება მიიღეს. არც გადაყვანაზე და მსგავს საკითხებზე დემარშის დროს საუბარი არ ყოფილა. თუ ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ერთი მხარე და მეორე მხარე შეხვედრაზე რასაც ამბობდნენ, ის კი არ დავიჯერეთ, მესამე რასაც იტყუება, ის დავიჯერეთ, მაშინ საზოგადოებას მოვატყუებთ. მე საზოგადოების მოტყუებას არ ვაპირებ.
საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს არანაირი მუხლი, ნორმა, რომელიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას ითვალისწინებს - ასეთი მუხლი ფიზიკურად არ არსებობს! თუ ვინმე ამას ამბობს, ისიც გვასწავლოს, სად არის ეს მუხლი. ასეთი მუხლი, ასეთი დათქმა ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს.
მთავარია, რომ ეს ყველაფერი “ფეიკია” - "ფეიკპიარის" ტრენდის გაგრძელებაა. სააკაშვილი უბრალოდ იტყუება და თუკი ვინმეს უნდა, რომ მართლა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იზრუნოს, მოუწოდოს, ორმაგი კალორია მიიღოს, ნუ დადის რისკზე, ნუ იყენებს თვითდაზიანებას და ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ აქვე დასძინა, რომ თუ სააკაშვილი თვითდაზიანებას გააგრძელებს, პასუხისმგებლობა მასზე იქნება.
“პენიტენციური სამსახური პასუხს აგებს ნებისმიერ პატიმარზე, თუ ის არ ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ.