ევროკავშირის მხრიდან დაყოვნება, გაურკვევლობა, რუხი ზონის დატოვება ერთადერთი ქვეყნის, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს - გიორგი ხელაშვილი

ხელაშვილი

"ჩვენ ჯერ არ ვიცით, ამ დიდ ისტორიულ კატაკლიზმში რომელი მხარე გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს ეროვნული ინტერესი თუ საერთაშორისო ზნეობრიობის იმპერატივი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

„ორივე შემთხვევაში პროცესები მსგავსია. ევროკავშირის მხრიდან დაყოვნება, გაურკვევლობა, რუხი ზონის დატოვება ერთადერთი ქვეყნის, ანუ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვესმის და ამ თემაზე დასავლეთს მუდმივად ვესაუბრებით. საუბარია, თუ რამდენად საკმარისია დღეს დასავლეთის პოლიტიკური ნება ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

ყურადღება გაზრდილია, მაგრამ უკრაინის კატასტროფა, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მეორე მხრივაც მუშაობს ანუ ზრდის დასავლეთის სკეპტიციზმს გაფართოებისა და აღმოსავლეთის პრობლემების მიმართ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ეს სკეპტიციზმი რამდენად იქნება გადალახული უკრაინის მხარდამჭერი მორალური არგუმენტებით. ჩვენ გვაქვს დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მკვეთრად გამოხატული ეროვნული ინტერესი, რომელიც მერკანტილურიცაა, სიფრთხილესთანაც გვაქვს საქმე, თან ისტორიული ელემენტებიც ახლავს აღმოსავლეთის მიმართ უნდობლობისა და გვაქვს დასავლეთის მორალური განწყობა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ამ დიდ ისტორიულ კატაკლიზმში რომელი მხარე გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს ეროვნული ინტერესი თუ საერთაშორისო ზნეობრიობის იმპერატივი“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.