ევროკავშირის ელჩს მოუწევს ახსნა თუ რას გულისხმობს, როდესაც ქვეყანას და ჩვენს ხალხს ემუქრება წარსულში დაბრუნებით - დავით მათიკაშვილი ჰერჩინსკიზე

დავით მათიკაშვილი

"ქართველი ხალხის არჩევანი, ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, არ არის მისაღები კონკრეტული ძალებისთვის, მათ შორის, იმ ძალებისთვის, ვისაც წარმოადგენს ჰერჩინსკი", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შესახებ განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, დიპლომატს მოუწევს ახსნას თუ რას გულისხმობს, როდესაც აცხადებს, რომ საქართველოს წარსულში დაბრუნება მოუწევს.

"ევროკავშირის ელჩს მოუწევს იმის ახსნა თუ რას გულისხმობს, როდესაც ქვეყანას და ჩვენს ხალხს ემუქრება წარსულში დაბრუნებით. თვითონვე ბრძანა - სამოქალაქო ომი, სიღარიბე, სიღატაკე და ა.შ. თუ არ მოხდება იმ კონკრეტული მითითებების შესრულება, რაც მომდინარეობს ბრიუსელიდან

ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული, დიპლომატიასთან არანაირი კავშირში მყოფი, განცხადება, რაც პირდაპირი ტექსტით გულისხმობს მუქარას ქართველ ხალხზე.

კიდევ ერთხელ ჩანს აქ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი, ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, არ არის მისაღები კონკრეტული ძალებისთვის, მათ შორის იმ ძალებისთვის, ვისაც წარმოადგენს ჰერჩინსკი. ხდება მუდმივი ზეწოლა, მუქარა, ვენის კონვენციის ფეხქვეშ გათელვა ამ დიპლომატის მხრიდან", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

პაველ ჰერჩინსკი უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. რამდენიმე დღის წინ, ელჩმა საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.

მმართველმა პარტიამ ელჩის ნათქვამში ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ ღია მუქარა, ასევე ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა.