ევროკავშირის ელჩის ფუნქცია ის კი არ არის, ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს, არამედ ხელი შეუწყოს ქართულ სახელმწიფოს ამ გზაზე, ტყუილები არ უნდა იკადროს ევროკავშირის ელჩმა - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ევროკავშირის ელჩის ფუნქცია ის კი არ არის, ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს, არამედ ხელი შეუწყოს ქართულ სახელმწიფოს ამ გზაზე, ტყუილები არ უნდა იკადროს ევროკავშირის ელჩმა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, 2025 წლიდან იქნება სულ სხვა მსოფლიო და ევროკავშირიც აბსოლუტურად სხვანაირად გადალაგდება.

„ბატონ პაველს ძალიან რთული მისია აქვს და მე ვერ ვიტყოდი, რომ ის ამას ახორციელებს არამცთუ სწორად, პირიქით, ძალიან არასწორად. არაერთხელ მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ ევროკავშირის ელჩის ფუნქცია ის კი არ არის, დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი, არამედ ხელი შეუწყოს ქართული სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე. ტყუილები არ უნდა იკადროს ევროკავშირის ელჩმა. არ უნდა იკადროს, რომ არ დაგმოს ძალადობა მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარეზე. საქართველოში ბრძანდებით თქვენ ევროკავშირის ელჩი და როგორ შეიძლება ასეთი უდიდესი ინსტიტუტის ხელმძღვანელზე თავდასხმა ელემენტარულად სიტყვით მაინც არ დაგმო. ასევე არ შეიძლება, რომ ევროკავშირის ელჩმა გაავრცელოს დეზინფორმაციები და ტყუილები იკადროს.

საქართველო არაფერს არ წყვეტს. საქართველო აგრძელებს ევროპული ღირებულებებით სვლას, ეს არის ჩვენი თავსებადობა და ჩვენ ვთქვით, რომ სავაჭროდ არ გამოგაყენებინებთ ამ მოლაპარაკებების მექანიზმის გახსნა-აგახსნის საკითხს. ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების პროცესუალურად ყველა პუნქტს. თქვენივე ინსტიტუტების დასკვნას მაინც ეცით პატივი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო კანდიდატ ყველა ქვეყანას შორის წინ დგას და ამ დროს თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ რაღაცას ვწყვეტთ. ეს არის დეზინფორმაცია.

როგორც არ გამოუვიდათ კანდიდატის სტატუსით ვაჭრობა და ბოლოს მოგვცეს, რადგან ვიმსახურებდით, როგორც არ გამოუვიდათ წინასაარჩევნოდ მათ შორის, ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება პირდაპირ ოპოზიციურ პარტიებზე, რადგან ხალხმა მაინც ჩვენ მოგვცა ხმა, ასევე არ გამოუვათ ახლა არაფერი. საზოგადოებამ დაინახა, რომ გაიმარჯვა პარტნიორულმა ურთიერთობამ და არა მონობამ, სიმართლემ და არა უსამართლობამ. უბრალოდ ახლა სანამ ამერიკაში რაღაცები გადალაგდება, ევროკავშირში რაღაცები გადალაგდება, უცხოური ძალების გარკვეული ნაწილი ცდილობს, რომ რაღაც კუდი მოიქნიოს. გვმართებს ახლა სიფხიზლე და გარწმუნებთ 2025 წლიდან იქნება სულ სხვა მსოფლიო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირიც აბსოლუტურად სხვანაირად გადალაგდება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.