ევროკავშირი 12 ოქტომბრიდან საზღვრის კვეთის წესებს ცვლის

ვიზა

ევროკავშირი მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან საზღვრის კვეთის ახალ სისტემას აამოქმედებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალმა სისტემამ პასპორტებში ჩვეული შტამპები ბიომეტრიული რეგისტრაციით უნდა ჩაანაცვლოს. ის ეტაპობრივად შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში დაინერგება.

სიახლე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება. აღსანიშნავია, რომ ახალი სისტემა შეეხება ყველა ადამიანს, ვინც ევროკავშირს ტურისტული მიზნით მოკლე ვადით სტუმრობს, მიუხედავად იმისა, საზღვრის კვეთისას მას ვიზა სჭირდება, თუ არა.

ახალი სისტემა საზღვრის კვეთისას თითოეული მოგზაურის სახელსა და გვარს, მისი პასპორტის მონაცემებს, ბიომეტრიულ მონაცემებს (სახეს, თითის ანაბეჭდებს) და საზღვრის კვეთის ზუსტ დროსა და ადგილს ჩაიწერს. სისტემა აგრეთვე შეინახავს იმ მოგზაურების მონაცემებს, რომლებსაც ევროკავშირში შესვლაზე უარს ეტყვიან.

ახალი სისტემის დანერგვით ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა არ იცვლება. იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების უფლება აქვს, მგზავრობას ვიზის გარეშე კვლავ შეეძლება.