1757870206
,,ეუთო/ოდირის მხრიდან ეს მხოლოდ საბაბი იყო, რადგან არნახული წნეხი გაიარეს წინა არჩევნების ანგარიშიდან გამომდინარე, როდესაც დაწერეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება" - ლევან მაჭავარიანი

ორმაგ სტანდარტს უწოდებენ ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას - დამკვირვებლები არჩევნებზე გაუშვას ჩეხეთში და არა საქართველოში - მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებიც. უარის ოფიციალური მიზეზი - დროის სიმცირე რომ მხოლოდ საბაბი იყო, "ქართული ოცნების" მტკიცებით, ადასტურებს "რუსთავის 2-სადმი "გამოგზავნილი წერილიც. მათივე განმარტებით, ამ ნაბიჯით, საერთაშორისო ორგანიზაციამ თავიდან ზეწოლა აიცილა.
"რა თქმა უნდა, ეუთო/ოდირის მხრიდან ეს მხოლოდ საბაბი იყო, რადგან მათ არნახული წნეხი გაიარეს წინა არჩევნების ანგარიშიდან გამომდინარე, როდესაც დაწერეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ეუთო/ოდირი რომ ჩამოსულიყო საქართველოში, ძალიან კარგად იციან, რომ იმავეს დაწერა მოუწევდათ", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
"კურიერმა", სადამკვირვებლო მისიისთვის გაგზავნილ, წერილობით შეკითხვაზე, ეუთო/ოდირის ოფიციალური პასუხი გუშინ მიიღო.
მასში ნათქვამია, რომ ჩეხეთის მთავრობისგან 2 სექტემბერს გაგზავნილ მიწვევაზე მათი პასუხი დადებითია. ვადა, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან ანალოგიურია, თუმცა გადაწყვეტილება - რადიკალურად განსხვავებული.