1788242698
Euronews: ევროკავშირის 11 ქვეყანა საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტილების დროს ვეტოს პრინციპის გაუქმებას ითხოვს
ევროკავშირის 11 ქვეყანა მოითხოვს დასრულდეს „ხელის შემშლელი“ ვეტოების გამოყენება, რომლებიც ბოლო წლებში ბლოკის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას აფერხებდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ქვეყნები აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრებს შორის კეთილსინდისიერი თანამშრომლობის პრინციპმა უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ავსტრიამ, დანიამ, ბელგიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, რუმინეთმა, ესპანეთმა და შვედეთმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს.
„ევროკავშირში კონსენსუსის კულტურა მისი ლეგიტიმაციის მნიშვნელოვანი წყაროა. ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, კვლავ ვეცდებით კონსენსუსის მიღწევას“, - ნათქვამია წერილში.
თუმცა, 11 ქვეყანა მიიჩნევს, რომ აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ კონსენსუსის კულტურა საერთო მოქმედებას ხელს უწყობდეს და არა აფერხებდეს მას.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ლეგიტიმაცია, მაგრამ ძალა - არა“, - აცხადებენ ქვეყნები.
ერთობლივ წერილს ხელს აწერენ ავსტრია, დანია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი. ევროკავშირის უდიდესი წევრი ქვეყანა გერმანია ბლოკის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების წესების რეფორმირების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია, წერს Euronews-ი.
„ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ფუნდამენტურად შეცვლილ გარემოში მოქმედებს, რომელსაც სტრატეგიული კონკურენცია, მზარდი არასტაბილურობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესუსტების მცდელობები განსაზღვრავს“, - აღნიშნულია წერილში.
ქვეყნების განცხადებით, ასეთ ვითარებაში ევროკავშირის უნარი დაიცვას საკუთარი ღირებულებები და ინტერესები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტიანად შეძლებს ის საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური რესურსების გაერთიანებას.
ევროკავშირის მოქმედი წესების თანახმად, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებები ერთსულოვნების პრინციპით მიიღება. ეს ნიშნავს, რომ 27 წევრი ქვეყნიდან ნებისმიერ ერთს შეუძლია დანარჩენი 26 ქვეყნის გადაწყვეტილების დაბლოკვა.
ეს პრობლემა არაერთხელ გამოვლინდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის პერიოდში. აპრილში ხელისუფლების დაკარგვამდე ორბანი არაერთხელ იწვევდა ევროკავშირის სხვა ლიდერების უკმაყოფილებას, როდესაც ვეტოს უფლებას დათმობების მისაღებად ან საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებდა, იუწყება გამოცემა.
მიმდინარე წლის დასაწყისში მან უპრეცედენტო კრიზისიც კი გამოიწვია, როდესაც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის გამოყოფა დაბლოკა. ეს სესხი ევროკავშირის ლიდერებს უკვე შეთანხმებული ჰქონდათ. ორბანის გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებულ სხვა საკითხს - „დრუჟბას“ ნავთობსადენთან დაკავშირებულ დავას - უკავშირდებოდა.









