გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა გადამწყვეტი ფაქტორია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - ნათქვამია ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის სტატიაში.
ესპანური ანალიტიკური ცენტრის სტატიაში აღნიშნულია, რომ სულ უფრო რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი გახდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელობით, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ და აიღო ვალდებულებები სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების კუთხით, რაც ფუნდამენტურია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის. „ქართული ოცნების“ მთავრობა მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყანა დარჩენილიყო სტაბილურობის ბასტიონად კონფლიქტითა და გარე გავლენებით გამორჩეულ რეგიონში. იმ კონტექსტში, რომელშიც გარე აქტორები, როგორიცაა რუსეთი, ცდილობენ დესტაბილიზაციის გამომწვევი გავლენები განახორციელონ, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის საიმედო მოკავშირეა ევროპისთვის. მისი, როგორც სტრატეგიული პარტნიორის როლი რეგიონული უსაფრთხოების ინიციატივებში და მისი ევროპულ ღირებულებებთან შესაბამისობა ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ ერთგულებას მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ“, - ნათქვამია ანალიტიკურ სტატიაში.
ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის წარმატების მთავარი მაგალითი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაა, რამაც გააძლიერა ქვეყნის დემოკრატიული სტრუქტურები.
„სასამართლო სისტემის გაძლიერება, საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის გაზრდა და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება არის ის სფეროები, სადაც საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ეს ქმედებები არა მხოლოდ აძლიერებს ქართულ დემოკრატიას, არამედ აძლიერებს მის როლს, როგორც მთავარი პარტნიორის კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, - აღნიშნულია სტატიაში.
ესპანური ანალიტიკური ცენტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის სტაბილურობა მის უშუალო სამეზობლოში უსაფრთხოების პოლიტიკის არსებითი კომპონენტია, ხოლო საქართველო, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
„საქართველოს ეტაპობრივი ინტეგრაცია ევროკავშირში არა მხოლოდ დემოკრატიული წარმატების ნიშანია, არამედ აძლიერებს რეგიონისა და ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებას“, - წერს ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი.
„დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველო ისწრაფვის ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ფუნდამენტური როლი შეასრულა ინტეგრაციის პროცესის წინ წაწევის საქმეში. ევროკავშირის სტანდარტებთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების კუთხით საქართველოს მთავრობის მიღწევები უდავოა. ამ მიღწევებს შორის გამოსაყოფია 2017 წელს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მიღწეული ვიზალიბერალიზაცია, რამაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მისცა უვიზოდ იმგზავრონ შენგენის ზონის ქვეყნებში. ამან გააძლიერა კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ხელი შეუწყო კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ გაცვლას. გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ საქართველოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის საშუალება მისცა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას. ამ პროცესში გადამწყვეტი მომენტი იყო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება 2023 წელს. ეს სტატუსი აძლიერებს საქართველოს პოზიციებს ევროპაში და კარს უხსნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებებს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გააგრძელოს ამ პროგრესის მხარდაჭერა და გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყოს, რაც უზრუნველყოფს ევროკავშირში საქართველოს მომავლისთვის საგზაო რუკას. ეს არა მხოლოდ გააძლიერებს კავკასიის რეგიონის სტაბილურობას, არამედ კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროპის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისა და რეგიონული უსაფრთხოების მიმართ“, - ნათქვამია სტატიაში.
ესპანური ანალიტიკური ცენტრი თავის სტატიაში ასევე განიხილავს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები უდავოდ გადამწყვეტი მომენტი იქნება საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის.
„ეს არჩევნები ტარდება მზარდი ყალბი კრიტიკის კონტექსტში, რომელთაგან ბევრი იდეოლოგიური ინტერესებით არის გაჯერებული, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ გარე აქტორებმა, როგორიცაა რუსეთი, ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის და მისი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების შელახვის მიზნით. სწორედ ამ კონტექსტში უნდა შეასრულოს ევროკავშირმა პასუხისმგებლიანი როლი. საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის ხელშეწყობა და თავისუფალი საარჩევნო პროცესის მხარდაჭერა პოტენციური უპასუხისმგებლო ჩარევის თავიდან აცილების გზით არა მხოლოდ აძლიერებს ევროპის ერთგულებას დემოკრატიისადმი, არამედ ამცირებს გარე აქტორების შესაძლებლობას ჩაერიონ რეგიონში. „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პროცესის სტაბილურობისა და მთლიანობისადმი და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას, რათა არჩევნები ჩატარდეს მშვიდობის, გამჭვირვალობისა და თავისუფლების გარემოში, სადაც სუვერენული ხალხი გამოხატავს საკუთარ აზრს, გარე ჩარევების გარეშე. საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავკასიის და, შესაბამისად, ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. „ქართული ოცნების“ მთავრობამ აჩვენა მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ და რეგიონში საიმედო პარტნიორია. ამ გადამწყვეტ მომენტში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა არა მხოლოდ ქვეყნის მიღწევების აღიარება იქნება, არამედ მკაფიო გზავნილიც იქნება სამეზობლოში სტაბილურობისა და დემოკრატიის მიმართ ევროკავშირის ერთგულების შესახებ. საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არა მხოლოდ ინვესტიციაა რეგიონის მომავალში, არამედ ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებაშიც“, - ნათქვამია სტატიაში.