ეს ვიზიტი, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები შედგა - არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტზე

არჩილ გორდულაძე

"ეუთო/ოდირისა და საპარლამენტო მისიის ვიზიტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შედგა. არავითარი კითხვის ნიშანი არჩევნების მიმართ არ არსებობს", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საუბრობს.

გორდულაძე ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.

"ლეგიტიმაციის მიმნიჭებელი ქართველი ხალხის არჩევანს დამატებითი ლეგიტიმაციის მინიჭება სხვა ორგანიზაციებიდან თუ სხვა ადამიანებისგან არ სჭირდება. ამასთანავე, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ ჩამოდის საქართველოში და ვიზიტი ხორციელდება იმისთვის, რომ რეკომენდაციის შესასრულებლად კომუნიკაცია შედგეს არჩეულ ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის არჩევანი. ეუთო/ოდირი თავისთავად, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს", - ამბობს არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, პია კაუმა საქართველოში 8 იანვარს ჩამოდის.