ეს კონკრეტული მკვლელობა აუცილებლად იქნება გამოძიებული და კონკრეტული ადამიანები დასჯილი - ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი

"ვპირდები მთავრობას, რომ ეს კონკრეტული მკვლელობა აუცილებლად იქნება გამოძიებული და კონკრეტული ადამიანები დასჯილი",- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილმა სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

„წარმოუდგენელი რეალობა გვაქვს, როცა ადამიანმა უსამართლობის გამო მოიკლა თავი. იმის გამო, რომ მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, პრემიერი, კაციშვილი არ შეხვდა მათ, არადა, რამდენიმე დღეა ამ ხალხს აქვს პროტესტი. დაუჯერებელია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები თავს იკლავენ სასოწარკვეთილებისგან და ამასობაში პასუხისმგებელი არავინაა. წარმოგიდგენიათ, რომ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში იგივე მომხდარიყო, რაც საქართველოში მოხდა? მიუქსიეს პოლიციელები და არცერთი თანამდებობის პირი არ მივიდა. პირდაპირი მნიშვნელობით მიუქსიეს პოლიციელები, რომ მიცვალებული მოეპარათ ადგილიდან, რომ მერე რაღაც დასკვნები ეწერათ, რაღაცები გამოეცხოთ, რომ ეთქვათ, სხვა რამის გამო მოხდა ეს ყველაფერიო. ამასობაში არცერთი თანამდებობის პირი პასუხისმგებლობას არ იღებს.

გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს იმ კონკრეტული პირების მიმართ, ვინც ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. არჩევნები როცაა, ხომ კარგად ჰპირდებიან და ეუბნებიან ყველაფერს გავაკეთებთო, არჩევნები როგორც კი მორჩება ადამიანების ბედი აღარ აინტერესებთ. ვპირდები მთავრობას, რომ ეს კონკრეტული მკვლელობა აუცილებლად იქნება გამოძიებული და კონკრეტული ადამიანები დასჯილები. მოვუწოდებ პროკურორებს, კონკრეტულ ადამიანებზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრებას დიდი ხანი აპროტესტებდა.