ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რამხელა გავლენა არის რუსეთის ინტერესების - თეონა აქუბარდია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე

თეონა აქუბარდია

საბოტაჟი, საბოტაჟის მცდელობა და მტრულ საქმიანობაში დახმარება - ამ მუხლებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, საქმე რვა თებერვალს აღძრეს. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიმართვის ავტორი-მოძრაობა საკუთარ განცხადებაში მიუთითებდა, შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობაზე.

პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას განმარტებით, ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამხელა გავლენაა რუსეთის ინტერესების.

"როდესაც სუს-ს და პროკურატურას მიმართავენ, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებისთვის საფრთხის შექმნაზე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამხელა გავლენა არის რუსეთის ინტერესების", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მმართველი გუნდი რეპრესიული კანონების შემოღების და დაშინების გზით მიდის და თუ ისტორიას გადახედავენ, სწორედ უკიდურეს ზომებზე წასვლის დროს იცვლებოდა ხელისუფლება.

"პირიქით, პროკურატურას მოვუწოდებთ, რომ თვითონ ამ ადამიანების საქმიანობა შეისწავლონ. განსაკუთრებით სხვადასხვა ხელისუფლებების დროს და შემდეგ უკვე გადავიდნენ სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებაზე. მიდიან რეპრესიული კანონების შემოღების და დაშინებების გზით. თუ აქვთ ანალიტიკური უნარი, გადახედონ ყველა ხელისუფლების პერიოდს, ისინი როდესაც მიდიოდნენ უკიდურეს ზომებზე, სწორედ მაშინ ხდებოდა ხელისუფლებების შეცვლა", - განაცხადა ლანა გალდავამ.