"ეს კაცი არის პარლამენტარი, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ და, შესაბამისად, კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ" - პეტრე ცისკარიშვილი გახარიაზე

პეტრე ცისკარიშვილი

"სათამაშო ოპოზიცია" - ასე უწოდეს გიორგი გახარიას "ნაციონალურ მოძრაობაში". ლევან ხაბეიშვილმა ჯერ კიდევ გუშინ, "პალიტრანიუსთან" საუბარში თქვა, რომ გახარიას "ნაციონალს" იმიტომ ეძახიან, რომ "ქართულ ოცნებას" ხმები არ წაართვას. დღეს კი ოპოზიციამ გახარია საგამოძიებო კომისიაზე მისვლის გამო გააკრიტიკა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ გახარიას გუნდს არც მანდატები დაუტოვებია და არც სახელმწიფო დაფინანსებაზე უთქვამს უარი.

"გიორგი გახარია თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, უბრალოდ, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ აქ გასაკვირი არაფერია, ეს კაცი არის პარლამენტარი, ის და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ და, შესაბამისად, კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ. მისი პოლიტიკური ორგანიზაციის სურვილია, რომ ყველა გაუქმდეს და თვითონ გადარჩეს და თვითმმართველობის არჩევნებში რამენაირად ოპოზიციური ხმები მოიპოვოს. ამ სურვილით როდესაც მოქმედებ, შენ სრულფასოვან პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად ვერ კვალიფიცირდები აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.