1792835230
„ეს არის, რა თქმა უნდა, ცალსახად ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა“ – აკაკი ალადაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ევრობიუროკრატების განცხადებების შესახებ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებები შეაფასა, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება.
„ეს არის, რა თქმა უნდა, ცალსახად ჩვენი ქვეყნის შიდასაქმეებში ჩარევა. ეს ავტორები, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენთვის ძალიან კარგად არიან ნაცნობი. ესენი არიან ადამიანები, რომელთა ავტორობითაც ევროპარლამენტმა მიიღო რამდენიმე რეზოლუცია, სადაც ისინი დიქტატორ სააკაშვილს მოიხსენიებენ „დემოკრატიის შუქურად“, „პოლიტპატიმრად“. ამდენი უსამართლო რეზოლუციის მერე ქართულმა საზოგადოებამ ისინი კარგად გაიცნო და მათი ეს განცხადებები საინტერესო აღარ არის”, - განაცხადა ალადაშვილმა.
აღნიშნულ თემას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მედიასთან გამოეხმაურა. „18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ ეს რამენაირად შეიძლება, უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, ვინაიდან ეს არის აბსურდი, თუმცა რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი", - განაცხადა პრემიერმა.











