ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნები. სახეზეა ის, რომ ამ არჩევნებზე ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პროგრამებს, გეგმებს, დაპირებებს - დავით ზილფიმიანი

ზილფიმიანი

2024 წლის არჩევნების სპეციფიკა ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნები. სახეზეა ის რომ ამ არჩევნებზე ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პროგრამებს, გეგმებს, დაპირებებს და ა.შ, - ეს განცხადება პარლამენტის დღევანდელ სესიაზე დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა გააკეთა.

„მინდა ჩემი დღევანდელი განცხადება მივუძღვნა ქვეყნის მოსახლეობას და იმ კონსოლიდირებულ რეალიებზე ვისაუბრო, რომელიც დღეს გვაქვს.
2024 წლის არჩევნების სპეციფიკა ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნები. სახეზეა ის რომ ამ არჩევნებზე ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პროგრამებს, გეგმებს, დაპირებებს და ა.შ. რა განაპირობებს 2024 წლის არჩევნების შედეგებს? აქაც პარადოქსული საკითხია. შედეგებს განაპირობებს გარდა რეალობისა, აღქმებიც, თანაფარდობა ორი სახის აღქმისა, იქნება შედეგის დამდები ამ არჩევნებზე. ეს აღქმებია: რამდენი ადამიანი წავა არჩევანის გასაკეთებლად ომსა და მშვიდობას შორის და რამდენი ადამიანი წავა არჩევანის გასაკეთებლად ევროპას და რუსეთს შორის?
ვინ განაპირობებს არჩევნების შედეგებს? ქვეყანაში გვყავს დაახლოებით 15%-20% მოსახლეობისა, რომელსაც აქვს რუსეთისკენ ორიენტაცია და მოსახლეობის 80-85% კი ევროპული ორიენტაციის არის. პირველი ნაწილი არამობილური სეგმენტია, რომელიც ერთი და იგივე საარჩევნო სუბიექტებს აძლევს ხმას. მეორე დასავლური ორიენტაციის ნაწილი თავისთავად ორად არის გაყოფილი. უკვე წლებია, გარკვეული ოდენობა უცვლელად აძლევს ხმას ნაციონალურ სეგმენტს, მიუხედავად იმის რა გადანაწილებებია იმ სეგმენტში. სწორედ მეორე ნაწილი ჩვენი პროევროპული მოსახლეობისა იყო, არის და იქნება ის ძირითადი სეგმენტი, რომლის გამოც დადგება ის შედეგი რაც უნდა დადგეს.

სწორედ ეს ნაწილი იყო, რომელმაც 2012 წელს უარი თქვა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაზე, სწორედ ამ ნაწილის ხმებმა მოიყვანა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ და სწორედ ამ ნაწილის ოჯახის წევრი ვარ, სწორედ ეს ხმები უზრუნველყოფს დღემდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას.

დასანანია რომ ველზე ძალიან მწირედ არსებობს მიუკერძოებელი ოპოზიცია, რომელსაც შეიძლება არ ვუწოდოთ ნაც-სეგმენტი, მაგრამ ასეთი ოპოზიციაც არსებობს. ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამ ამომრჩეველმა უნდა გაიყვანოს საცალფეხო ბილიკზე ეს ქვეყანა და დადგეს ის შედეგი რაც ქვეყნისთვის აუცილებელია.

ღმერთი იქნება ჩვენი მფარველი. დარწმუნებული ვარ, გადავლახავთ იმ პრობლემებს რომელიც შეიქმნა“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.