"ეს არ არის გაყალბება, ეს არის არჩევნების მიტაცება - ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც მოხდა და ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა" - საბა ბუაძე

საბა ბუაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, არავინ ნდობა არ გამოუცხადა 26 ოქტომბრის არჩევნებს და ეს არჩევნები არალეგიტიმურადაა ცნობილი.

როგორც ბუაძემ გადაცემაში "დღის კურიერი" აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" გამარჯვებას არავინ ულოცავს, მათ შორის, თავად მმართველ გუნდშიც კი არ არსებობს საზეიმო განწყობა.

"მინდა, კიდევ ერთხელ, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო იმ 190 000-მდე ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენს კოალიციას, "ძლიერ საქართველოს" გამოუცხადა ნდობა. ამავდროულად, ოპოზიციონერ ამომრჩეველს, რომელიც დღეს არის იმედგაცრუებული არჩევნების მიტაცებით ვუთხრა, რომ ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც მოხდა და მათთან ერთადა ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ის რეალური შედეგი, რომელიც ცვლილებების სახით უნდა დამდგარიყო, აუცილებლად დადგეს.

ცხადია, საქმე გვაქვს არჩევნების მასშტაბურ მიტაცებასთან. ეს არ არის გაყალბება, ეს არის არჩევნების მიტაცება. ის, რომ არჩევნები იქნა მიტაცებული, ჩანს რამდენიმე ინდიკატორით. ამავდროულად, ჩანს იმ მტკიცებულებებით, რომელიც ამ სქემებში არის თავმოყრილი.

მთავარი ინდიკატორი არის ის, რომ არც ოპოზიციურმა პროდასავლურმა სპექტრმა, არც საქართველოს პრეზიდენტმა, არც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა - არავინ ნდობა არ გამოუცხადა ამ არჩევნებს და ეს არჩევნები იქნა არალეგიტიმურად ცნობილი. ვხედავთ, რომ არც მილოცვები არ არის, არც თავად "ქართულ ოცნებაში" არ არის საზეიმო განწყობა და ეს არ არის შემთხვევითი იმიტომ, რომ სახეზე არის დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა პუტინის რუსეთის მხარდაჭერით "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის მიერ", - განაცხადა საბა ბუაძემ.