„ეს ადამიანი საბოლოო ჯამში შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ დაგვწყევლოს“ - არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე

არჩილ გორდულაძე

"ეს ადამიანი, საბოლოო ჯამში, შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ დაგვწყევლოს და ანათემას გადაგვცეს", - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, ლიეტუვიდან ევროპარლამენტის დეპუტატის, საქართველოს საკითხზე მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმიანება. იუკნევიჩიენეს თქმით, საქართველოს რეჟიმი კრემლის სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია და ეს შეიძლება ევროკავშირის წევრებსაც დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შეაჩერებენ.

გორდულაძის შეფასებით, აღნიშნული განცხადებების გამო რასა იუკნევიჩიენემ ბოდიში უნდა მოიხადოს.

"ეს ქალბატონი, რომელიც ბალტიისპირელ პოლიტიკოსად წოდებული ადამიანია, რომელსაც რბილად რომ ვთქვათ არ უყვარს ქართველი ხალხი და მას უყვარს მხოლოდ და მხოლოდ "ნაცმოძრაობა" და მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს-ხოლმე წყალს, ეს ადამიანი, საბოლოო ჯამში, შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ დაგვწყევლოს და ანათემას გადაგვცეს.

როდესაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ეს ადამიანი განცხადებას გააკეთებს, მან, პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოიხადოს იმ განცხადებების გამო, რომელიც არის ფაშისტური, ბოლშევიკური და ამ განცხადებებს როგორც ევროპამ, ასევე საქართველომ უარი უთხრა, მათ შორის, ბალტიისპირეთმაც, როდესაც გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.