„ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას“ - რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

რატი ბრეგაძე

„ჩვენ როგორც მრავალგზის განვაცხადეთ, ვეყრდნობით ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების უსაფუძვლო გამონათქვამებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.

,,ექიმმა, ბატონმა ჩხაიძემ, განაცხადა შემდეგი, რომ პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა, ვციტირებ, და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს; ასევე, მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.  რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად იმის მტკიცებულება, როდესაც ადამიანს ესაჭიროება პარენტერალური კვება, და უფრო გასაგები რომ გახდეს, ეს რას გულისხმობს, ეს არის ინტრავენური გადასხმა იმ ნივთიერებების, რომელიც ესაჭიროება პაციენტს; ეს შესთავაზეს მას ექიმებმა, თუმცა, მან ეს არ გაიკეთა. ამავდროულად, საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ამ პროცედურის ჩატარება არათუ პალატაში, საავადმყოფოში, არამედ სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ასევე, ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ ეს ადამიანი შერჩევითად იკეთებს გარკვეული  მედიკამენტების გადასხმას და ზოგ რამეზე ამბობს უარს. ერთი რამ არის ფაქტი, რომ ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.