ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე - ირაკლი ანთაძე

ირაკლი ანთაძე

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს – იასონ გენგიურსა და სერგო მერებაშვილს 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საოკუპაციო რეჟიმმა იასონ გენგიური და სერგო მერებაშვილი 2024 წლის 16 სექტემბერს დააკავა, მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და ინფრასტრუქტურის დაზიანებას ედავებიან.

დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებიც განიხილეს.

„მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე. გაზიარებული იქნა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ, იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე. მათ 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათ ედავებოდნენ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას. ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან ე.წ. სასამართლოს. მინდა, აღვნიშნო, რომ წარსულშიც ჰქონდათ მათ გაცილებით დიდი სასჯელი შეფარდებული, თუმცა მოლაპარაკების არსებული ფორმატების გამოყენებით ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ ოჯახებში“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეხება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, ყურადღება გამახვილდა უკანონო ბორდერიზაციის დესტრუქციულ ხასიათზე და მითითებულია კონკრეტული ლოკაციები.

„მსჯელობის დროს ჩვენ გავააქტიურეთ თამაზ გინტურის საკითხი. პოზიცია არის უცვლელი, თუმცა სამართლის აღსრულება არის პრიორიტეტი, როგორც თამაზ გინტურის, ასევე ყველა ჩვენი თანამოქალაქის შემთხვევაში, რომლებიც იყვნენ მოკლული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში დღეს სამთვიანი პაუზის შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა გაიმართა, მომდევნო შეხვედრა 3 აპრილს ჩაინიშნა.