„ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ბევრი აქვთ დასამალი და გაურბიან დაფინანსებაზე ინფორმაციის გასაჯაროებას - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

NGO-ებსა და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი, მათ შორის, დასამალი აქვთ ის, რომ უცხოური, გაუმჭვირვალე დაფინანსებით ისინი ახალისებდნენ ნარკომანიის, ასე ვთქვათ, გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში, აწყობდნენ რევოლუციას, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. – ამის შეახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ანტიკორუფციული ბიუროსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე უარს შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს ზუსტად იმ ინფორმაციას, რა ინფორმაციასაც გამოითხოვდა ხოლმე, წლების განმავლობაში, პოლიტიკური პარტიებისგან და მათი მხრიდან პერსონალურ ინფორმაციაზე აპელირება თითიდან გამოწოვილი საბაბია.

„ის სტანდარტი მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მოქმედებდა პოლიტიკური პარტიების მიმართ. იქ რატომ არ აინტერესებდათ პერსონალური ინფორმაცია და არაფერი? რეალურად, ხდება ზუსტად იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რა ინფორმაციასაც გამოითხოვდა ხოლმე ანტიკორუფციული სამსახური მთელი ამ წლების განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიებისგან.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი საბაბი, სინამდვილეში, NGO-ებსა და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი, მათ შორის, დასამალი აქვთ ის, რომ უცხოური, გაუმჭვირვალე დაფინანსებით ისინი ახალისებდნენ ნარკომანიის, ასე ვთქვათ, გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში, აწყობდნენ რევოლუციას, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. ეს არის დასამალი და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი გაურბიან შესაბამისი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას“,- აღნიშნა პრემიერმა.