ელენე ხოშტარია განსაკუთრებით გამოირჩევა აგრესიულობით, იმიტომ რომ როგორმე გადაფაროს თემა რუსეთის ბიუჯეტიდან მისი ოჯახის უშველებელი დაფინანსებისა - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი მედიასთან გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავების ფაქტს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ელენე ხოშტარია წარმოადგენს ყველაზე რადიკალურ ფრთას.

„ელენე ხოშტარია განსაკუთრებით გამოირჩევა აგრესიულობით, იმიტომ რომ როგორმე გადაფაროს თემა მისი ოჯახის უშველებელი დაფინანსებისა რუსეთის ბიუჯეტიდან. ამ შეკითხვებს პასუხი რომ არ გაეცეს, ყველაზე ხშირად ის შეახტება პოლიციის მანქანას, ის იხულიგნებს, ის მოიქცევა კანონთან შეუსაბამოდ და რასაკვირველია კანონიც ყოველთვის რბილი არ არის. იგი წარმოადგენს ყველაზე რადიკალურ ფრთას იმისთვის, რომ ამ თემამ როგორმე გადაფაროს მეორე თემა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე არც ერთ პოლიტიკოსს და დაინტერესებულ პირს არ მოუთხოვია ვიდეო მასალა, რომელზეც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას იზოლატორში მოთავსების პროცედურებია აღბეჭდილი. ელენე ხოშტარია სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაზე საუბრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ჯერ კიდევ ორი დღის წინ განმარტა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით და დაკავებულის თანხმობით, შესაბამის ორგანოებს და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ამ ვიდეოჩანაწერს.