„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართა, კომიტეტის წევრები სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს გაეცნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა კომიტეტს სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში - 500 Georgia, L.P. მონაწილეობასთან დაკავშირებული 2023 და 2024 წლების ანგარიშები გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, სააგენტო ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში 2022 წლიდან მონაწილეობს. ის, თავისი არსით, დახურული საინვესტიციო ფონდია. მისი თქმით, ფონდს კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული საქმიანობის ვადა აქვს, რომლის გასვლის შემდგომაც ის თვითლიკვიდირდება და ინვესტორებს შესაბამისი ამონაგები დაუბრუნდებათ. ფონდის საქმიანობის ვადა 10 წელია.
რაც შეეხება ფონდის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2023 წელს ფონდმა 34 სტარტაპში 3.4 მილიონი, ხოლო 2024 წელს 18 სტარტაპში - 1.8 მილიონი დოლარი დახარჯა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ის კომპანიები და ორგანიზაციები გააცნო, რომლებშიც სტარტაპები დაფინანსდა. მან სარგებლის მიღების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, ამონაგები კომპანიების წილის გაყიდვით მე-5 წლიდან ფონდის თვითლიკვიდაციის ვადამდე განაწილდება.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ სტარტაპების ინვესტირება მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ ეს სტარტაპები წარმატებული იქნება.
სხდომაზე სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სააგენტოს საქმიანობასა და წარმატებული სტარტაპების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სააგენტოს საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ის საქართველოში არსებული 9 სხვადასხვა ტექნოპარკის საშუალებით არაერთ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს, რომლითაც 100 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამები გათვლილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერისთვის. მან თანადაფინანსების პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 299 თანადაფინანსებული პროგრამის შედეგად 4 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
პროგრამების ჯამური ინვესტიცია 46.5 მილიონი ლარია. კომიტეტის სხდომაზე, სააგენტოს საქმიანობის პრეზენტაციის პარალელურად, წარმატებული სტარტაპ პროგრამების მონაწილეებმაც ისაუბრეს და კომიტეტის წევრებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს.
„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერა კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს ჩვენი ეკონომიკის გარდაქმნისა და საქართველოში მომავლის ეკონომიკის მოდელის ჩამოსაყალიბებლად. სხდომაზე კომიტეტის წევრები საინტერესო და წარმატებულ სტარტაპებს გავეცანით, რომლებიც სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
გასვლითი სხდომის ფარგლებში, კომიტეტის წევრები კასპის პროფესიულ კოლეჯს ეწვივნენ. სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც 2020 წელს გაიხსნა, ამჟამად 150-მდე სტუდენტი 9 სხვადასხვა სპეციალობას ეუფლება. კომიტეტის წევრები როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდებს გაეცნენ.
„გასვლითი საკომიტეტო სხდომის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კასპის პროფესიული კოლეჯი დავათვალიერეთ. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები კოლეჯში რამდენიმე პროფესიას სწავლობენ და ამ მიმართულებით დაინტერესება გაზრდილია. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შესაბამისი პროფესიონალი სპეციალისტები სჭირდება და ამ კუთხით კასპის კოლეჯი დიდ როლს ასრულებს. კომიტეტის წევრები ადგილზე გავეცანით იმ გამოწვევებს, რომლებიც სასწავლებელს აქვს. ამ საკითხებს დარგობრივ სამინისტროებს გავაცნობთ და ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს პერიოდში კოლეჯი თავის საქმიანობას კიდევ უფრო წარმატებულად გააგრძელებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა.