ეკა სეფაშვილი პარლამენტის სხდომაზე FARA-ს განხილვისას დაინტერესდა, შეეხება თუ არა კანონი მეცნიერს, რომელიც სამეცნიერო კვლევას ატარებს ან სტუდენტს, რომელმაც მიიღო დაფინანსება სწავლისთვის

ეკა სეფაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე მსჯელობისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს არჩილ გორდულაძეს კითხვა დაუსვა. დეპუტატმა კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა დაეზუსტებინა, რა შემთხვევაში ეხებოდა კანონი ფიზიკურ პირებსაც.

„თქვენ ახსენეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეეხება ასევე ფიზიკურ პირებს. მაინტერესებს ფიზიკური პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში და იღებს რაიმე გადმორიცხვას უცხოური დონორისაგან, ყველა შემთხვევაში ხვდება ამ კანონის ქვეშ? მაგალითად, მეცნიერი, რომელიც რაიმე სამეცნიერო კვლევას ატარებს ან სტუდენტი, რომელმაც მიიღო დაფინანსება სწავლისთვის. აი, ეს კატეგორია თუ მოხვდება ამ კანონის ქვეშ?“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დეპუტატის კითხვას პასუხი გასცა და განმარტა, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად არის განსახილველი, თუმცა ეს კანონი არ ვრცელდება განათლების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ყველა ის პირი დაექვემდებარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვისზეც ეს ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში.