ეკა სეფაშვილი: ჩვენ ვიხილეთ კადრები, რომელიც ასახავდა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას. ეს იყო საქართველოს ინსტიტუციების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა

ეკა სეფაშვილი

ეს იყო პირდაპირ ძალადობა მიმართული საქართველოს ინსტიტუციების წინააღმდეგ. ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი კადრები, რომელიც ასახავდა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის [მცდელობას] და ასევე პირდაპირი კადრები ვიხილეთ სხვადასხვა კოორდინატორების მხრიდან, როდესაც ისინი მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ძალადობისაკენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, უსაფუძვლოა განცხადებები იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებიც 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებში მონაწილეობდნენ, პოლიტიკური მოტივების გამო დააკავეს.

„რა თქმა უნდა ამ ყველაფერს შეფასება მისცეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, სწორედ ამიტომ არიან ეს ადამიანები დაპატიმრებული და ახლა ჯერი სასამართლოზეა, თუ როგორ შეაფასებს ბრალდების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ის ფაქტი, რომ ისინი აცხადებენ, რომ უდანაშაულოები არიან და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით იყვნენ ბრალდებული, რა თქმა უნდა საფუძველს მოკლებულია“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 13 ბრალდებულის პროცესი გაიმართა.