ედიშერ გვენეტაძე: 13 წელი გავიდა იმ ისტორიული გამარჯვებიდან, რომელმაც საქართველო ნეოკოლონიალური მარყუჟებისაგან დაიხსნა

ედიშერ გვენეტაძე

ვისაც არ სჯერა, რა დღეში იყო საქართველო 2012 წლამდე, განსაკუთრებით კი 2022 წლის 24 თებერვლამდე, წაიკითხოს მარკესის ნაწარმოებები, სადაც აღწერილია ნეოკოლონიალური ლათინური ამერიკა. სწორედ მსგავსი სცენარი უნდოდათ და უნდათ ჩვენს რეგიონში - პოსტსაბჭოთა სივრცის გადაქცევა დასავლეთის დანამატად, ნედლეულის წყაროდ, საქონლის გამსაღებელ ბაზრად და ომების ასპარეზად - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს.

მისივე თქმით, დღე და ღამ ბეწვის ხიდზე გაწონასწორებული სიარული, მუდმივი ბრძოლა შიდა და გარე მტრებთან - სწორედ ამ შეუპოვარი ბრძოლის მეშვეობით ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრები და ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება.

„13 წელი გავიდა იმ ისტორიული გამარჯვებიდან…

იმ გამარჯვებიდან, საიდანაც დაიწყო საქართველოს დახსნა ნეოკოლონიალური მარყუჟებისაგან. იმ გამარჯვებიდან, საიდანაც დაიწყო ნელი, მაგრამ მტანჯველი ბრძოლა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისაკენ.

ვისაც არ გჯერათ, რა დღეში იყო საქართველო 2012 წლამდე, განსაკუთრებით კი 2022 წლის 24 თებერვლამდე, წაიკითხეთ მარკესის ნაწარმოებები, სადაც ასახულია ნეოკოლონიალური ლათინური ამერიკა…

ანალოგიური უნდოდათ და უნდათ ჩვენთან და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ.

სახელდობრ რა?

პოსტსაბჭოთა სივრცის გადაქცევა იმპერიალისტური კაპიტალისტური დასავლეთის დანამატად, ნედლეულის წყაროდ, მათთან ჩაწოლილი საქონლის გამსაღებლად, ომების ასპარეზად…

სწორედ ამ ურჩხულის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა ამ კაცმა არნახული ფლიდობის, ორპირობის და მუხანათობის პირობებში.

მოიგონეთ: ორი მოღალატე პრეზიდენტი. ორი მოღალატე პრემიერი. მოღალატე პარლამენტის თავმჯდომარე. მოღალატე თავდაცვის მინისტრები.

მოღალატე საკუთარი გუნდის წევრები. უცხოური გრანტების მომლოდინე და მასზე დამოკიდებული საქართველოს გამყიდველი. არასამთავრობო ორგანიზაციების ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. მყარად დაფინანსებული და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი, მოლოტოვის კოქტეილებით და სხვა საბრძოლო მასალებით შეიარაღებული მეხუთე კოლონა…

დღე და ღამ ბეწვის ხიდზე გაწონასწორებული, ბალანსირებული, შეუცდომელი სიარული.

და ამ პირობებში გარე და შიდა მტრებთან პერმანენტული, ხმალამოღებული ბრძოლა.

ბრძოლა და ამ თავდაუზოგავი, შეუპოვარი ბრძოლის მეშვეობით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედი კადრების მოძებნა, დაწინაურება და საბოლოოდ ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების შექმნა.

დამეთანხმებით, არის ამ ადამიანში „მამულის, ენის, სარწმუნოების“ ისეთი სიყვარული, რომლის ამოცნობასაც ალბათ უბრალო რიგითი მოკვდავნი ვერასდროს შეძლებენ.

ირგვლივ არსებული ომების ცეცხლის ფონზე ქვეყნის ტარება და მისი მშვიდობის კარიბჭესთან მიყვანა - ეს მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულთა ხვედრია.

„ისტორია ასეთებს არ ივიწყებს“ და დღეს იქნება თუ ხვალ, უკვდავი შარავანდედით შემოსავს.“ - წერს გვენეტაძე.