,,ძირითადი მიზანია, რომ ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური ელემენტები აღარ იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, პირველ რიგში ეს ეხება "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა მის ფილიალს" - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის საკითხი ისევ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია პოლიტიკური ველის გასასუფთავებლად. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირას წარედგინება.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირეების კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს. სარჩელში იქნება იმ პირთა სია, რომელთათვისაც მმართველი გუნდი პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას ითხოვს. სარჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიან ანგარიშს ეყრდნობა.

"ძირითადი მიზანი არის ის, რომ ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური ელემენტები აღარ იყვნენ ქართულ პოლიტიკაში. პირველ რიგში ეს ეხება "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა მის ფილიალს, რომელიც იყო 2012 წლამდე თუ 2012 წლის შემდგომ ჩართული ამ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში. ყველა დანარჩენ მტკიცებულებასთან ერთად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა საგამოძიებო კომისიაზე. მე დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბრის მტკიცებულებები ძალიან გამოადგება იმ მიზნისთვის და გადაწყვეტილებისთვის, რისთვისაც შედის სარჩელი“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.