1734811100
დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირთან არსებული შეთანხმების გაუქმებას კონკრეტული პირობები აქვს, უნდა დაველოდოთ ევროკომისიის განმარტებას - მაკა ბოჭორიშვილი
გაუგონარი რამ არის, რომ დიპლომატები დაისაჯონ რაღაცის გამო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, ევროკავშირთან საქართველოს აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლითაც დარეგულირებულია უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, მის შეჩერებას კი კონკრეტული პირობები აქვს და ამიტომ უნდა დაველოდოთ ევროკომისიის განმარტებას.
ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურად ეს ჟესტი ძალიან გაუგებარია.
„ჯერ არაფერი არ დაწესებულება, არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებები, არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომლითაც წესრიგდება ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, როდესაც საქმე გვაქვს დიპლომატიური პასპორტებით უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრინციპულად ამ საკითხს, რომ დიპლომატები დაისაჯონ რაღაცის გამო, ეს რაღაც გაუგონარი რამ არის.
ჩვენ არ ვაცალკევებთ არავის, ვსაუბრობთ დიპლომატიური პასპორტების მფლობელ ადამიანებზე და ასეთი, პირველ რიგში არიან სწორედ დიპლომატები. ის ადამიანები, რომლებიც საგარეო უწყებაში მუშაობენ, ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ასეთი არის დიპლომატიური პასპორტის მფლობელების 80-90%. დანარჩენი, ვისაც უწევს სამსახურებრივად დიპლომატიური პასპორტის ქონა, შეიძლება, წარმოადგენდეს ასეთი ადამიანების 10-15%-ს.
ეს ჟესტი პოლიტიკურად არის ძალიან გაუგებარი, ომში მყოფი ქვეყნები სცემენ ერთმანეთის დიპლომატებს პატივს და ეს არ არის საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული ფორმა, როდესაც პირველი იწყებ დიპლომატებზე ხელის მოკიდებას. დიპლომატები არიან განსაკუთრებული წრე ადამიანებისა, სარგებლობენ პრივილეგიებით და იმუნიტეტებითაც, სწორედ იმიტომ, რომ ამით არის გამოკვეთილი მათი განსაკუთრებული სტატუსი ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.
ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რომლითაც დარეგულირებულია უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2010 წელს გაფორმდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მას შემდეგ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელი ადამიანები უვიზოდ დადიან ევროკავშირის სივრცეში. ამ შეთანხმებას აქვს შეჩერების, გაუქმების, ძალიან კონკრეტული პირობები. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ, რა სამართლებრივ საფუძველს და განმარტებას მისცემს ამ ყველაფერს ევროკომისია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ზომის ამოქმედება. ამას სჭირდება სამართლებრივი საფუძვლის მომზადება, სწორედ ეს დაევალება ევროკომისიას და ვნახოთ, როგორი იქნება სამართლებრივი საფუძველი. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია ჩაიხედო შეთანხმებაში და ნახო, რა პირობები არსებობს, რათა ეს შეთანხმება შეჩერდეს. იქ არსად არ წერია, რომ ეს შეთანხმება შეიძლება, გამოყენებული იყოს რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ან ხელისუფლების დასასჯელად. ამისთვის არ ყოფილა ეს შეთანხმება გაფორმებული. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ განმარტებას, რასაც მივიღებთ ევროკომისიისგან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.