დიპლომატიური გადატვირთვა - საქართველოში გერმანიის ახალ ელჩს ელოდებიან

საქართველო

ახალი ეკონომიკური პარტნიორების ძიების პარალელურად, თბილისისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ურთიერთობების აღდგენა, რომლებმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდა გაიარა.

სწორედ ასეთი იყო ბოლო წლები საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში. ოფიციალური თბილისის შეფასებით, დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, გერმანიის ყოფილი ელჩი, პეტერ ფიშერი იყო. ახლა კი, მისი მისიის დასრულების შემდეგ, ბერლინიდან განსხვავებული გზავნილები ისმის.

საქართველოს უკვე ჰყავს ახალი ელჩი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია განაახლა. თბილისი ბერლინიდან ახალი ელჩის დანიშვნას ელოდება.

 

ბერლინში წარსული მხოლოდ არქივებში არ ინახება. ქალაქი, რომელსაც ოდესღაც ბეტონის კედელი ორად ყოფდა, დღეს ერთიანი ევროპის სიმბოლოა. მაგრამ ამ ერთიანობას ჰქონდა პოლიტიკური ფასი - იყვნენ დიპლომატები, ვინც ისტორიის მიმართულება შეცვალა.

1989 წლის ნოემბერში კედელი ხალხმა დაანგრია. თუმცა, გერმანიის მშვიდობიან გაერთიანებას საერთაშორისო თანხმობა სჭირდებოდა. ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა საბჭოთა კავშირის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნოდა.

ოცდაჩვიდმეტი წლის შემდეგ შევარდნაძის სახელი ისევ გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაისმა. ისტორიული მეხსიერება საქართველოს ახალი ელჩისა და გერმანიის პრეზიდენტის პირველი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ალექსანდრე კარტოზია ამბობს, რომ გერმანელებს საქართველოს როლი არ დავიწყებიათ.

თუმცა, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობა არც შევარდნაძით დაწყებულა. პირველი გერმანელი კოლონისტები საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდნენ. 1918 წელს კი, გერმანია დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და სამხედრო მხარდამჭერი გახდა.

ეს მეგობრობა თბილისისთვის ყველაზე მძიმე წლებში პრაქტიკულ დახმარებად იქცა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანა ომებმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და საერთაშორისო იზოლაციამ მოიცვა. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დახმარების ხელი გაუწოდა, გერმანია იყო.

იმავე წელს, თბილისში ჰანს-დიტრიხ გენშერი ჩამოვიდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამოუკიდებელი საქართველო ოფიციალურად აღიარა და ქვეყანაში პირველი გერმანელი ელჩი ჩამოიყვანა.

 

ალექსანდრე კარტოზიასთვის ბერლინი მხოლოდ დიპლომატიური მისიის ადგილი არ არის. 18 წლის იყო, როდესაც ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩავიდა. მაშინ ბერლინი ორ ნაწილად იყო გაყოფილი, რამდენიმე კილომეტრი კი, ზოგჯერ გადაულახავ მანძილს ნიშნავდა.

წლების შემდეგ ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში ელჩის სტატუსით დაბრუნდა - ქვეყანაში, რომლის გაერთიანებაშიც ქართველმა პოლიტიკოსმა გადამწყვეტი როლი შეასრულა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემას ელჩი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. პროტოკოლით გათვალისწინებული 15-წუთიანი შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. სწორედ კარტოზია აღმოჩდა პირველი უცხოელი ელჩი, რომელსაც აკრედიტაცია პრეზიდენტის ახალ სასახლეში, ვილა ბორსიგაში გადაეცა.

კარტოზიას შეფასებით, საქართველოს ევროპაში გერმანიაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყოლია. არც გერმანიას ჰყოლია კავკასიაში საქართველოზე ახლო პარტნიორი. თუმცა, ბოლო წლებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ორმხრივი ურთიერთობები დაძაბა.

თბილისსა და ბერლინს შორის უთანხმოება საქართველოს შიდა პროცესების მიკერძოებულმა შეფასებებმა გამოიწვია. თბილისი გერმანიის ყოფილი ელჩის საჯარო მოქმედებებს - საპროტესტო აქციებზე ხშირ ვიზიტებს, ოპოზიციის ღია მხარდაჭერას, დიპლომატიური მანდატის ფარგლებს მიღმა ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევად აფასებდა. საქართველოს ხელისუფლების გზავნილი მკაფიო იყო - პარტნიორობა სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე ვერ იარსებებს.

თბილისის მიაჩნია, რომ ზღვარი პარტნიორის რჩევასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას შორის მკაფიო უნდა იყოს. სწორედ ამ ზღვრის აღდგენაა ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ეტაპის მთავარი პირობა.

აგვისტოს ბოლოს საქართველოში გერმანიის ახალ ელჩს ელოდებიან. ეს იქნება შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის დიალოგი ისტორიულ საფუძველს დაუბრუნდეს - მეგობრობას, რომელიც დახმარებასთან ერთად ურთიერთპატივისცემასაც გულისხმობს. თუმცა, დღეს, თბილისსა და ბერლინს მხოლოდ წარსული აღარ აკავშირებს.

ომებმა და გლობალურმა დაპირისპირებამ ევროპისთვის ტრადიციული სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტები არასტაბილური გახადა. გერმანია ენერგომომარაგების ალტერნატივებს ეძებს - ცენტრალურ აზიაში, კასპიის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში. მაგრამ რეგიონის ქვეყნებთან ცალ-ცალკე თანამშრომლობა საერთო მარშრუტის გარეშე საკმარისი ვერ იქნება.

ამ ახალი გეოპოლიტიკური რუკის ერთ-ერთ მთავარ ღერძად შუა დერეფანი ყალიბდება. მარშრუტი ცენტრალურ აზიას ევროპასთან კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის გავლით აკავშირებს. ამ დერეფანში საქართველოს როლის მზარდი მნიშვნელობა გერმანიისთვისაც გამოიკვეთა იმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რეგიონულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საქართველო ამ გზაზე მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა არ არის - მასზე გადის გზა, რომელიც კასპიის რეგიონს შავ ზღვასთან აკავშირებს.

დღეს თბილისი ბერლინთან ურთიერთობისას დახმარების მიმღები სახელმწიფოს პოზიციაში აღარ დგას. საქართველოს აქვს ის, რაც ევროპას სჭირდება - გეოგრაფიული კარიბჭე, ენერგეტიკული მარშრუტი და აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი გზა.

ოცდაჩვიდმეტი წლის წინ ქართველმა პოლიტიკოსმა გერმანიისთვის ისტორიული კედლის მშვიდობიანად დანგრევას შეუწყო ხელი. ოცდაჩვიდმეტი წლის შემდეგ კი, ორ ქვეყანას შორის ძველი კავშირის აღდგენას ახალი პოლიტიკური ბარიერების გადალახვა სჭირდება. გერმანიას წარსული ახსოვს, მაგრამ საქართველოს მნიშვნელობა მხოლოდ ისტორიულ მეხსიერებაში აღარ არის დარჩენილი. ევროპის მომავლის გზა საქართველოზე გადის - და ამ რეალობის აღიარება დღეს უკვე არა თბილისის, არამედ ბერლინის ამოცანაა.