"დიფ სთეითის" მართულ ევრობიუროკრატიას არ მივცემთ საშუალებას, რომ ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები, სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს - ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში" - კირცხალია

კირცხალია

"დღეს არსებული ვითარება დროებითია და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობების დაძაბოს", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კირცხალიას თქმით, საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე "დიფ სთეითის" მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას.

"გვსურს, განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხს გამოვეხმაუროთ - თემას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არაერთხელ გამხდარა ობიექტური ვნებათაღელვის მიზეზი.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ვხედავთ, რომ საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს.

 

ასევე, ანალოგიურ განცხადებებს ვისმენთ ცალკეული ევროპული ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებისა, თუ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდანაც კი.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც ჩვენ საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, თუმცა, საზოგადოებას, რომელიც სრულიად სამართლიანადაა აღშფოთებული და „ქართული ოცნების“ მხრიდან გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს, გვსურს განვუმარტოთ, რატომ ვატარებთ მოთმინების პოლიტიკას და რატომ ვიკავებთ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან თავს.

ჩვენთვის გასაგები რომ გახდეს, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის ქცევა, დავიწყოთ იმით, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის: დღეს არაერთი მოწინავე ევროპული სახელმწიფო, ისევე, როგორც ევროკავშირი, მისი სტრუქტურები და ევრობიუროკრატია, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშაა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, თავად ამ ქვეყნების მოსახლეობას და მომავალს, ასევე, მთლიანად ევროკავშირს, არაერთ სერიოზულ პრობლემას უქმნის და მრავალი საფრთხის წინაშე აყენებს.

„დიფ სთეითის“ გავლენით და დაკვეთით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შედეგები საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა.

ყველას კარგად გვახსოვს, თავის დროზე, როგორ არ მოგვანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაშინ, როდესაც კანდიდატ ქვეყნებს შორის ამას ყველაზე მეტად ვიმსახურებდით;

კარგად გვახსოვს, როგორ იქცა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის თემად, სანამ ევრობიუროკრატთა ზეწოლისა და სპეკულაციების მინიმუმამდე შესამცირებლად, ხელისუფლებამ პრევენციული ნაბიჯი არ გადადგა;

გვახსოვს ევროპარლამენტის აბსოლუტურად უსამართლო და აბსურდული რეზოლუციები, რომელთა მიზანიც საქართველოს სუვერენიტეტში უხეში ჩარევა, პროცესების რადიკალიზაცია და, ხელისუფლების რევოლუციური გზით შესაცვლელად, ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა იყო;

გვახსოვს ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებშიც ანგაჟირებული ევროპარლამენტარები სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ და სამკურნალოდ მის სხვა ქვეყანაში გადაყვანას, შემდეგ კი გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ეს იმ ფონზე, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა, მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია და სასჯელს სრულიად სამართლიანად იხდის;

გვახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კრიტიკული, დაუსაბუთებელი და არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციები საქართველოს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ორგანიზაციაა, საიდანაც, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სრულიად უსამართლოდ მოქმედების გამო, ხელისუფლებამ დელეგაცია გაიწვია.

რა თქმა უნდა, კარგად გვახსოვს ევროკავშირის წევრი მთელი რიგი ქვეყნების ელჩების და პოლიტიკოსების განცხადებები, რომლითაც, ლამის პირდაპირ უჭერდნენ მხარს საქართველოში კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობებს;

გვახსოვს საქართველოს შიდა საქმეებში ევრობიუროკრატების უშუალოდ ჩართვის მცდელობაც, როდესაც ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციას შეუერთდნენ.

აღარაფერს ვამბობთ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ, გაუგონარი და აბსურდული მიზეზებით, ქართველი მოსამართლეებისა და პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, რაც ასევე კარგად ასახავს იმ არადიპლომატიურ და არამეგობრულ ქმედებებს, რომლის საბოლოო მიზანსაც საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ქვეყნის „დიფ სთეითისთვის“ დაქვემდებარება წარმოადგენს.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ „ქართული ოცნების“ და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მსგავს არადიპლომატიურ ქმედებებთან და პოლიტიკურ ზეწოლასთან გვქონდა საქმე ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის და მათ მიერ დანიშნული ელჩის პირობებშიც. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, მათ საქართველოში აკრედიტებული ელჩის პენსიაში გაშვება მოუწიათ.

წინა ადმინისტრაციის და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და, როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო. დღეს, დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ ებრძვის „დიფ სთეითს“ და მის სტრუქტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ველით, რომ ის გარკვეული პაუზა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში შეიმჩნევა და რომელიც უკვე დიდხანს გაგრძელდა, მალე დასრულდება და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებით სწორ პოზიციას დააფიქსირებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ ელჩებთან, ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან თუ ინსტიტუტებთან, ვაგრძელებთ პროფესიულ ურთიერთობას და არ ვდგამთ იმ მკვეთრ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს.

რა თქმა უნდა, ჩვენი ეს პოლიტიკა კონკრეტულ გეგმას ეფუძნება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ „დიფ სთეითის“ გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები - კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფო, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში აშენებდა და ავითარებდა, შესაბამისად,  "დიფ სთეითის" მართულ ევრობიუროკრატიას არ მივცემთ საშუალებას, რომ ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები, სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს.

ცხადია, კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.

შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში „დიფ სთეითის“ გავლენა შესუსტდება, რისი ნიშნებიც მთელ რიგ ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ნელ-ნელა იკვეთება, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული ვითარება დროებითია და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები დაძაბოს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მანამ, სანამ ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე, რადგან უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიღწვით", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.