დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას ინვესტორების დახმარებისთვის, მოუთმენლად ველოდებით უფრო მეტი კაპიტალდაბანდების განხორციელებას საქართველოში - არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი

თბილისის მშრალი პორტი არის მასშტაბური ლოჯისტიკური ობიექტი, რომელიც არა მარტო გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარობას აღმოსავლეთ-დასავლეთით და ვაჭრობას გაზრდის, - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა აღნიშნა, თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტის პროექტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითია.

"ჩვენ ვატარებთ საწარმოო, სამომხმარებლო ტვირთებს აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. ამას უხელმძღვანელებს ორი ქვეყნის ლიდერობა. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, სტრატეგიულ, გლობალურ პარტნიორობას, ეს არის ჩვენი ხედვების გაზიარება, ჩვენი ფასეულობების გაზიარება, ჩვენი სულისკვეთება, რომ გვქონდეს ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა და ეს გახდეს მშვიდობის, წინსვლის და სტაბილურობის გარანტი. თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტი, არის კომბინაცია იმ ძლიერი პარტნიორობისა და შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის სახით და მიზნად ისახავს ვაჭრობის გაორმაგებას 480 მილიონი დოლარიდან 1,5 მილიარდ დოლარამდე მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე, ეს ვაჭრობა განსაკუთრებულ ტარიფებს დაეფუძნება, საქონლის 95% გატარებული იქნება ამ პორტის საშუალებით და გაძლიერდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა მთელ მსოფლიოსთან“, - განაცხადა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, აბუ დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიცია ინტერმოდალურ პორტში საქართველოსთან მზარდ თანამშრომლობაზე მიუთითებს.

„არაბთა გაერთიანებული საამიროები მოუთმენლად ელოდება უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ახალი შესაძლებლობები ვიპოვოთ ამ ინვესტიციების განსახორციელებლად. საქართველო, გარდა იმისა, რომ არის მრავალი საინვესტიციო შესაძლებლობის მქონე ქვეყანა, ასევე ძალიან დიდი ნიჭიერების საბადოა, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად წარმატებული გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის“,- განაცხადა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.