დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის კორუფციული გრანტი და გამოცხადებულია, თითქოს ეს არის თავისუფალი კონკურსი. ყველა ძალიან კარგად ვხვდებით საბოლოო ჯამში ვის მისცემენ ამ ფულს - შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საგრანტო კონკურსზე

 შალვა პაპუაშვილი

"ზუსტად იგივე მიზნებს ემსახურება, რასაც მანამდე ამერიკული დაფინანსება ემსახურებოდა, რომელიც ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებულია, რომ იყო თანხები, რომლებიც სხვა ქვეყნების ასარევად, ხელისუფლების ცვლილებების,დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში მუნიციპალური არჩევნების წინ საგრანტო კონკურსის გამოცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით "ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა ეს პრაქტიკა და ეს დაფინანსება შეწყვიტა, მაგრამ ვხედავთ, რომ როცა სიცარიელე იქმნება, იქ სხვა ძალები ამის შევსებას ცდილობენ."

"ახლა არის მცდელობა, რომ გარკვეული ვაკუუმი შეავსონ, ჩაანაცვლონ ამერიკული ფონდები და რასაც ადრე ამერიკული ფონდების მარჯვენა ხელით აკეთებდნენ, ახლა მარცხენა ხელით გააკეთებენ ბრიტანული თუ სხვა ევროპული ფონდებით. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის კორუფციული გრანტი. გამოცხადებულია, რომ თითქოს, ეს არის თავისუფალი კონკურსი, აქ სულელი არავინ არის და ყველა კარგად ვხვდებით, საბოლოო ჯამში, ამ ფულს ვის მისცემენ. ეჭვი მაქვს, რომ წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ეს თანხები უნდა მისცენ "ისფედს" და მსგავს მილიონერ ორგანიზაციებს. ესეც თვალთმაქცობა და კორუფციაა, როცა წინასწარ უკვე ცნობილია შედეგი, რომ თითქოს, რაღაც ღია კონკურსი ცხადდება. ამით უნდათ, მოატყუონ, ქართული საზოგადოება, მათ შორის ბრიტანული, როცა წინასწარ ცნობილი შედეგი აქვთ და თავისი გადასახადის გადამხდელებს ისე ეუბნებიან, თითქოს, აქ კონკურსებია და ნეტა, ვინ გაიმარჯვებს და "ისფედი" მიიღებს თუ არა საკმარისს ქულებს - იქნება ტუჩების და ფრჩხილების კვნეტა, ვინ მიიღებს და ვინ, არა. ეს კლოუნადა რომ იდგმება, ასე უსირცხვილოდ, ესეც აჩვენებს, რომ ასეთი საქმიდან კეთილი ნაყოფი არასდროს არ იქნება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.