რომში, აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა - შეჩერებულია ფრენები
1738757834
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე, ჩვენება სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა. საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა - არგუმენტად კომერციული საიდუმლოების დაცვა დასახელდა.
ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ბიძინა ივანიშვილმა კითხვებს დისტანციურად უპასუხა.
გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს, ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა. კრიპტოვალუტის ღირებულება, გამოძიების ცნობით, მითვისების დროს, 43 მილიონ დოლარამდე იყო.
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა დეტალურ კითხვებს თავი აარიდა.
"ივანიშვილის პოზიცია არის ის, რომ ეს არ იყო სესხი და მთელი ეს საბანკო სტრუქტურა იყო უბრალოდ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება არცერთ ხელშეკრულებას. ყველა კითხვაზე იძლეოდა ზოგად, ერთნაირ პასუხს. არცერთ დეტალურ კითხვას მან არ უპასუხა და თავი აარიდა", - განაცხადა "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, კვლავ მათი მხარის პოზიცია დასტურდება- ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინები მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
"დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, ცხადია, კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. ერთ საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას. ამ დროის გასვლის შემდეგ არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს, როგორც პატივცემულ წარმომადგენლებს და ასევე პატივცემულ გიორგი ბაჩიაშვილს მეტი კითხვა არ ჰქონია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ.
პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან ყველა კითხვაზე დაზუსტებული პასუხი მიიღო.
"არცერთ კითხვაზე მას ( ბიძინა ივანიშვილი) თავი არ აურიდებია. რაიმე არსებით გარემოებაზე კითხვა მე არ მომისმენია. აბსოლუტურად ყველა კითხვაზე მიიღო ძალიან დაზუსტებული პასუხი. პირდაპირ დადასტურდა ის, რასაც დოკუმენტურად და რაც აქამდე ძალიან ბევრ კონტექსტში იყო გაჟღერებული, რომ სწორედ დაზარალებული ინვესტორი იყო ამ ურთიერთობაში ჩართული, სწორედ მისი ინვესტიცია იყო, ბრალდებულმა ეს საკითხები ტექნიკურად მოაგვარა, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულს და სინამდვილეში აბსოლუტურად ყველა ინვესტიციის შესაბამისად მისაღები ბიტკოინები რეალურად მან მიითვისა და ამის შემდგომ მოხდა ამ აქტივების ლეგალიზაცია", - აღნიშნა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.