დღესავით ნათელია, საით გვიბიძგებდნენ, ჩვენი ქვეყანა შეიძლება, აღარც კი ყოფილიყო, ამ ნარატივს და შეძახილს რომ გავყოლოდით - ჩვენი ხალხის გონიერებამ, ხელისუფლების წინდახედულობამ აგვაცილა ეს უბედურება და კატასტროფა - გიორგი სოსიაშვილი

სოსიაშვილი

დღესავით ნათელია მთელი საზოგადოებისათვის, საით გვიბიძგებდნენ, ჩვენი ქვეყანა შეიძლება, აღარც კი ყოფილიყო, ამ ნარატივს და შეძახილს რომ გავყოლოდით, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა უკრაინასთან დაკავშირებით ბოლო დღეები განვითარებულ პროცესებს და უკრაინაში ომის საკითხზე ოპონენტების მხრიდან კრიტიკას.

მისი შეფასებით, დღეს უკრაინა უფრო მძიმე მოცულობაში აღმოჩნდა, ვიდრე ჰქონდა.

„დღესავით ნათელია მთელი საზოგადოებისათვის, საით გვიბიძგებდნენ, ჩვენი ქვეყანა შეიძლება, აღარც კი ყოფილიყო, ამ ნარატივს და შეძახილს რომ გავყოლოდით - თავიანთი ქვეყანა დაღუპეს და მერე სხვა ქვეყნების ჩათრევაზე გადავიდნენ. ჩვენი ხალხის გონიერებამ, ჩვენი ხელისუფლების წინდახედულობამ აგვაცილა ეს უბედურება და კატასტროფა. როცა ხარ ქვეყნის პრეზიდენტი, გმართებს მეტი წინდახედულობა, შეფასება სიტუაციის - რა ძალები გაქვს, ვის ერკინები და ვისთან გაქვს საქმე. აქედან გამომდინარე. რთულია ამ მოცემულობაში [უკრაინის] ყოფნა, რადგან იმაზე უარესი მოცემულობა მიიღო ქვეყანამ, ვიდრე ჰქონდა”, - განაცხადა სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს გამოცემა Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა გაასაჯაროვა. გამოცემის ინფორმაციით, გეგმაზე აშშ და რუსეთი ფარულად მუშაობდნენ. Axios-ის ინფორმაციით, ამ გეგმის თანახმად, აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს.