დღეს როგორც არასდროს ჩვენი სახელმწიფო მზად არის მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის - მომზადდება რეკომენდაციები, რომლებიც გადაეგზავნება შესაბამის სტრუქტურებსა და ინსტიტუციებს - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

ერთია სამართლებრივი დატვირთვა ამ კომისიისა, რაც არის უმნიშვნელოვანესი. იმიტომ, რომ მომზადდება რეკომენდაციები, რომლებიც გადაეგზავნება შესაბამის სტრუქტურებსა და ინსტიტუციებს, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელი და პოლიტიკური შინაარსი ამ ყველაფრის, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას.

კირცხალიას განცხადებით, დღეს როგორც არასდროს ქართული სახელმწიფო მზად არის მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის.

„თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს როგორც არასდროს ჩვენი სახელმწიფო მზად არის მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის, იმიტომ, რომ შეგახსენებთ თქვენც და საზოგადოებასაც იმ ისტორიულ შედეგებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ დადო, როგორც სტრასბურგში, ასევე უმაღლეს ინსტანციებში, ასე რომ, იმის შემდეგ, როდესაც ბოლომდე გამოირიცხა მოღალატეების მხრიდან - რეზოლუციაზე ხელმოწერა, ტალიავინის დასკვნაზე დათანხმება და ა.შ. ჩვენი ჯარისკაცების, გმირი ბიჭების იოტისოდენა დანაშაულიც გამოირიცხა, სრულად ლეგიტიმურად და ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს საგამოძიებო კომისია შექმნილიყო,“- განაცხადა კირცხალიამ.

კირცხალიას თქმით, ეს იქნება საჯარო და აუცილებელია, რომ საზოგადოებამ ნათლად და პირდაპირ ეთერში უყუროს იმ დიდ ლუსტრაციას უსამშობლოებისა და მოღალატეების, რომლებიც 2012 წლამდე წნეხისა და რეჟიმის ქვეშ აცხოვრებდნენ მოქალაქეებს და 2012 წლის შემდეგ კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და სახელმწიფოებრიობას შეუქმნან საფრთხე.