დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
"ორმაგ სტანდარტზე საუბარი ზედმეტია, ეს ასმაგი სტანდარტი არის და ძალიან კარგია, რომ ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილიც, რომელიც შეცდომაში ჰყავდათ შეყვანილი ე.წ. რუსული კანონით, დღეს უკვე მათი აბსოლუტური უმრავლესობაც ხვდება, რომ ეს იყო რაღაც აფიორა, რომელშიც, სამწუხაროდ, მონაწილეობა მიაღებინეს ჩვენს მოქალაქეებს და აპროტესტებინეს თეთრი, შავის მაგივრად," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონს ამკაცრებს და გარე ჩარევების გამო ახალ ზომებს იღებს.
როგორც ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, დღეს ევროკავშირი ადასტურებს იმას, რასაც საქართველოს მთავრობა საუბრობდა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
"დღეს ევროკავშირი საუბრობს ზუსტად ანალოგიური რიტორიკით, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გამჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება, მადლობა ღმერთს, რომ მათაც აღიარეს, გამჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება. შესაბამისად, რა კანონიც ჩვენ მივიღეთ და მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურებოდა, დღეს თვითონ ევროკავშირი ადასტურებს იმას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი უსაფრთხოების დასაცავად. შესაბამისად, უკვე ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად დარწმუნდნენ იმაში, რომ ჩვენი მხრიდანაც, ეს იყო უალტერნატივო ნაბიჯი", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ახალი წესები მიზნად ისახავს დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას. ეს წესი ვრცელდება ანაზღაურებადი ლობირების საქმიანობაზე, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. იზღუდება გარკვეული სფეროები რომლებიც ფინანსდება ან გრანტს იღებს უცხოეთიდან.
მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს ევროპარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.