1736422425
დღეს ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის მოსახლეობისგან - ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე
დღეს ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ და მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის მოსახლეობიდან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ქმედებებს შეისწავლის.
„ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან, თუმცა მაშინ ისეთი პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად გვაიძულეს კოჰაბიტაცია, გვაიძულეს რამდენიმე მინისტრის დანიშვნა და ა.შ., ვინაიდან ჩვენ პოლიტიკურად ისეთი ძლიერი და სუვერენული ქვეყანა არ ვიყავით, როგორიც დღეს ვართ. დღეს ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ და მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის მოსახლეობიდან. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ მაინც ამ პროცესს აღვასრულებთ. ჩვენ ვალდებულები ვართ იმ ის ასობით ათასი ოჯახის წინაშე, რომლებმაც თავის თავზე განიცადეს ის სისხლიანი რეჟიმი, რაც 9 წლის განმავლობაში მოქმედებდა, რომ დაუსჯელი არავინ დარჩეს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.